
ბრიტანეთის ყოფილი მინისტრმა, პიტერ მანდელსონმა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლეიბორისტული პარტია დატოვა მას შემდეგ, რაც ახალი ინფორმაცია გავრცელდა ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირების შესახებ.
როგორც „ბიბისი“ წერს, მანდელსონმა განაცხადა, რომ არ სურს ლეიბორისტული პარტიისთვის „შემდგომი უხერხულობის“ შექმნა.
„ამ შაბათ-კვირას კიდევ დამაკავშირეს ჯეფრი ეპშტეინის გარშემო არსებულ აჟიოტაჟთან და ამის გამო ვწუხვარ“, – წერს მანდელსონი პარტიისთვის გაგზავნილ წერილში.
პიტერ მანდელსონი ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეპშტეინისგან ფულადი გადარიცხვები მიიღო.
„ვიდრე ამ საკითხს გამოვიძიებ, არ მსურს ლეიბორისტული პარტიისთვის დამატებითი უხერხულობის შექმნა და ამიტომ ვტოვებ პარტიას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუხადო ბოდიში იმ ქალებსა და გოგონებს, რომელთა ხმაც დიდი ხნის წინ უნდა გაგვეგო. ჩემი ცხოვრება ლეიბორისტული პარტიის ღირებულებებსა და წარმატებას მივუძღვენი და მჯერა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებით მისი ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებ“, – აღნიშნულია წერილში.
გასულ წელს შეერთებული შტატების კონგრესის წევრებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტები, მათ შორის წერილი, სადაც მანდელსონი ეპშტეინს „საუკეთესო მეგობარს” უწოდებდა. ამის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა იგი ვაშინგტონში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ცნობისთვის, პიტერ მანდელსონი 2025 წლის 10 თებერვლიდან აშშ-ში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობაზე მუშაობდა. სხვადასხვა პერიოდში იყო ჩრდილოეთ ირლანდიის სახელმწიფო მდივანი, ბიზნესისა და ინოვაციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პირველი სახელმწიფო მდივანი და საგარეო ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი.
0
0