
ამერიკელი მომღერლის ჯასტინ ტიმბერლეიკის განცხადებით, მას ლაიმის დაავადება აღმოაჩნდა.
ტიმბერლეიკმა ეს ინფორმაცია თურქეთში დასრულებული Forget Tomorrow ტურნესადმი მიძღვნილ პოსტში გაავრცელა და დასძინა, რომ დაავადება „შეიძლება უკიდურესად მძიმე იყოს, როგორც ფსიქიკურად, ასევე ფიზიკურად“.
„დიაგნოზის დასმის შემდეგ ტურნეს დასრულებაზე ვფიქრობდი, თუმცა მივხვდი, რომ კონცერტზე გამოსვლით მიღებული სიხარული გაცილებით მეტია, ვიდრე განცდილი ხანმოკლე სტრესი. ძალიან მიხარია, რომ არ დავნებდი. გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი, რა მელის სცენაზე მომავალში, მაგრამ ამ კონცერტს და მანამდე ჩატარებულ ყველა სხვა პერფორმანსს ყოველთვის დავაფასებ!! ეს ჩემთვის ლეგენდალურია”, - წერს ტიმბერლეიკი.
ლაიმის დაავადება ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანებზე ინფიცირებული ტკიპებისგან გადადის. დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს გრიპის მსგავსი მდგომარეობები, ნევროლოგიური პრობლემები, სახსრების ტკივილი და სხვა სიმპტომები. შემთხვევათა უმრავლესობაში, ლაიმის დაავადება ანტიბიოტიკებით ინკურნება.
0
0