
გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების მიხედვით, 2020 წელს მალარიის 241 მილიონი ახალი შემთხვევა (14 მილიონით მეტი 2019 წელთან შედარებით) დაფიქსირდა. ამ დაავადებით 627 ათასი ადამიანი (69 ათასით მეტი, ვიდრე 1 წლით ადრე) გარდაიცვალა.
„გარდაცვალების შემთხვევების დაახლოებით ორი მესამედი [47,000 ადამიანი] დაკავშირებული იყო პანდემიის დროს მალარიის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შეფერხებებთან. სუბ-საჰარულ აფრიკაში მდებარე ქვეყნებში დაავადებით დაღუპულთა დაახლოებით 80%-ს ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები შეადგენს“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.
თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პესიმისტური პროგნოზები არ დადასტურებულა.
„პირველი მესიჯი, მრავალი თვალსაზრისით, დადებითია: მალარიის ენდემური კერის მქონე ქვეყნების - პარტნიორებისა და სხვათა - ძალისხმევის წყალობით, ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიომ ყველაზე უარესი სცენარის (რაც საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში მალარიით სიკვდილიანობის გაორმაგებას გამოიწვევდა) თავიდან აცილება შეძლო. თუმცა, უკანასკნელი წლების მონაცემებით, ძნელია პროგნოზირება, თუ რა შედეგებს მივიღებთ 2021 წელს და შემდგომში,“ - განაცხადა ჯანმო-ს მალარიის გლობალური პროგრამის დირექტორმა, პედრო ალონსომ.
ექსპერტები კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის შემუშავებას მიიჩნევენ. გასულ კვირას ვაქცინების გლობალურმა ალიანსმა, Gavi-მ, განაცხადა, რომ სუბ-საჰარულ აფრიკაში მცხოვრები ბავშვების ვაქცინებით უზრუნველსაყოფად 156 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
https://www.aljazeera.com/news/2021/12/6/malaria-fight-disrupted-by-pandemic-who
0
0