
ჯანდაცვის მინისტრმა კონფერენციაში - „გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები“ - მიიღო მონაწილეობა.
სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო კლინიკური პრაქტიკის დანერგვა.
ორდღიან კონფერენციაზე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები და პროფესორები, ქართველ კოლეგებთან ერთად, განიხილავენ თანამედროვე მიდგომებს გადაუდებელ მედიცინასა და ინტენსიურ თერაპიაში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის როლს სეფსისის მართვაში, მწვავე რესპირაციული სინდრომის და კარდიო-რესპირაციული უკმარისობის მართვის უახლეს მეთოდებს, ასევე მწვავე ინფექციების მართვის თანამედროვე გამოწვევებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ქვეყანაში საუკეთესო კლინიკური პრაქტიკის განვითარებისა და დანერგვის პროცესში.
კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით გაამართა.
კონფერენციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, ექიმები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
1
0