
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ აქვთ სოციალური დახმარების აუცილებლობა.
მინისტრის ინფორმაციით, არის სრულიად ანომალიური შემთხვევებიც. მაგალითად, ბაზაში რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლოს სამ თვეში შემოსავლის სახით მიღებული აქვს ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი. ბაზაში არის ოჯახიც, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა. ერთ-ერთ ოჯახს კი 2025 წელს შეძენილი აქვს 2025 წელს გამოშვებული ავტომანქანა. კიდევ ერთ ოჯახს აღებული აქვს რამდენიმე ასეული ათასი ლარის საბანკო სესხი.
„ასეთი ოჯახების რაოდენობა არ არის ცოტა, თუმცა ძირითად შემთხვევაში სახეზეა ოჯახები, რომელთაც, ამ დროის განმავლობაში, გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი, რომ სახელმწიფომ დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
0
0