73 წლის ასაკში საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა. ის ამ თანამდებობას ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იკავებდა.
ინფორმაციას ავთანდილ ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ავრცელებს:
"გარდაიცვალა ჩემი უფროსი და უახლოესი ძმაკაცი, ავთო ჯორბენაძე. ასევე ჩემი ძმაკაცების მამა. სიკეთის, ადამიანობისა და ყველაფერი პოზიტიურის განსახიერება. უზადო პროფესიონალი, პატრიოტი და თხემით ტერფამდე ქართველი, - წერს გიორგი გამსახურდია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ავთანდილ ჯორბენაძე 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 1999 წლის 10 დეკემბრიდან 2001 წლის 22 დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო. 2001 წლის 22 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე კი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ავთანდილ ჯორბენაძე 2011 წლიდან დღემდე აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.
0
0