
ჯამში, 2 500-ზე მეტ დამკვირვებელსა და მედიაწარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს და გააშუქოს ხვალინდელი არჩევნები, - ამის შესახებ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.
"ხვალინდელი არჩევნებისთვის უკვე დარეგისტრირებულია 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 73 მედია არის აკრედიტებული გაშუქების მიზნით. ჯამში, 2 500-ზე მეტ დამკვირვებელს, მედიაწარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს და გააშუქოს ხვალინდელი არჩევნები. 12 პარტია მონაწილეობს არჩევნებში. კანდიდატების რაოდენობაც დიდია. იცით, რომ დედაქალაქში მერობის 9 კანდიდატია. წინასაარჩევნო გარემომ ჩვენ თვალწინ ჩაიარა და, მეტწილად, მშვიდი ვითარება იყო. ყველას ჰქონდა საშუალება, ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია. ტრადიციულად, ოპოზიციამ არ ისარგებლა შესაძლებლობით, რომ ჰქონოდა აქტიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.
0
0