
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ამერიკული კომპანია Astria Learning-ის აღმასრულებელ დირექტორთან ჯეფ ბორდესთან და კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ონლაინ სწავლების ხელშეწყობის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასერტიფიკატო კურსების დისტანციურად შეთავაზების საკითხები განიხილეს.
Astria Learning ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი ელექტრონული სწავლების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უნივერსიტეტებს ეხმარება ონლაინ სწავლების დანერგვაში, რათა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უფრო ხელმისაწვდომი და მასშტაბური გახადონ სწავლება და მიაღწიონ ნებისმიერ მოსწავლეს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ონლაინ სწავლებისა და სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობებზე ისაუბრა. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება, რაც ხელს უწყობს თანამედროვე განათლების ხელმისაწვდომობას. ეს არის ჩვენი მომავალი“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
Astria Learning-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯეფ ბორდესის თქმით, ციფრულმა სწავლებამ მოხსნა გეოგრაფიული ბარიერები. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს პოტენციალი იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიო მასშტაბით. ონლაინ სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიები უნდა გამოვიყენოთ სწავლების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა ჯეფ ბორდესმა.
შეხვედრაზე საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასერტიფიკატო კურსების ონლაინ სწავლების დადებით მხარეებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს; განიხილეს პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხები; ასევე, ისაუბრეს საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის სტრატეგიასა და Astria Learning -თან სამომავლო თანამშრომლობაზე.
შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ლაშა საღინაძე, თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
0
0