06/04/2023
00:26
პოლიტიკა
მინდა, ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად, ჩვენი პრინციპია, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ერთ-ერთი პოლიტიკური მცდელობა იყო, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ გადაეცათ ბერკეტები სასამართლოსთან მიმართებაში.
„ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა მინდა გავიხსენო. მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განიხილავდა პირველი ინსტანციის დონეზე „რუსთავი 2“-ის საქმეს. რა აღარ იკადრა მის წინააღმდეგ უვარგისმა ხალხმა. „ენჯეოების“ ლიდერები იყვნენ ამაში ჩართული, ყველა უცხოელი აგენტი, მათ შორის ნიკა გვარამია. ყველაფერი იკადრეს ამ უპატიოსნესი კაცის წინააღმდეგ და საბოლოო ჯამში სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაადგინა, რომ მოსამართლე ურთმელიძეზე იყო უსამართლო ზეწოლა და ბულინგი. ეს წერია პირდაპირ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ამ ბულინგსა და ზეწოლას ქართველ მოსამართლეზე, უპატიოსნეს კაცზე, სამწუხაროდ, ჰქონდა პირდაპირი მხარდაჭერა, კოორდინირებული მხარდაჭერა და ეს უცხოელი აგენტები და სხვები იყვნენ ამ ყველაფერში ჩართული. ეს მინდოდა გამეხსენებინა.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი და გვიმალავენ ჩვენ? რატომ გვიმალავენ?! ეს ხომ არასერიოზულია! თუ დანაშაულია ჩადენილი პირველი ის ინტერესი უნდა გქონდეს ხომ, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ, ან საზოგადოებას მაინც უთხრა. საზოგადოებას მაინც რატომ უმალავენ? უთხარი საზოგადოებას, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა ჩაიდინეს ესა და ეს დანაშაული. რატომ არ ამბობ თუ მტკიცებულება გაქვს?! აქ სად არის ლოგიკა?! არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მოხდეს ჩარევა დამოუკიდებელ სასამართლოში.
ჩვენ ბევრი სხვა თემაც გვაქვს, დღეს არ მინდა ამაზე საუბარი, შესაძლოა, მომავალში დადგეს ამის დრო. ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს. ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად. ჩვენი პრინციპია ის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. სხვათა შორის, ერთ-ერთი პოლიტიკური მცდელობა იყო ის, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ გადაგვეცა ბერკეტები სასამართლოსთან მიმართებაში. მაგალითად, ეს იყო ორჯერ, ორი მესამედის მოთხოვნა, რომ პარლამენტს უნდა მიეღო გადაწყვეტილებები ოპოზიციის ორი მესამედის მხარდაჭერით, რაც პირდაპირ ნიშნავდა იმას, რომ „ნაცმოძრაობას“ უნდა ჰქონოდა საკონტროლო პაკეტი ხელში და „ნაცმოძრაობის“ გარეშე არ უნდა მომხდარიყო მოსამართლეების დანიშვნა, ამას გვეუბნებოდნენ“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0