
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან საპროტესტო აქციების შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან. უწყებაში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე აქონდროპლაზიის მართვის - გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მიიღეს გადაწყვეტილებები და გაკეთდა განცხადებები, რომ სამინისტრო და ექსპერტების ჯგუფი მზად არიან, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყონ აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინის შექმნა. უწყება განაგრძობს კომუნიკაციას მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიასთან.
"საბჭოსთან შეთანხმდა გამოკვლევების ის ჩამონათვალი, რომელიც ამბულატორიულ პირობებში რეკომენდირებულია ბავშვების ამჟამინდელი მდგომარეობის შესაფასებლად, ასევე, მიმდინარე მეთვალყურეობისთვის. ასევე, სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა პროტოკოლის მონახაზი და ის ძირითადი საკითხები, რაზედაც აქცენტი გაკეთდება პროტოკოლზე მუშაობის პროცესში. მუშაობა გრძელდება, ასევე გრძელდება მოლაპარაკება მწარმოებელთან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ექსპერტის მობილიზება იქნება შესაძლებელი ივნისში, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ პროტოკოლის დამოუკიდებელი ექსპერტიზა გაკეთდეს და შემდეგ პროტოკოლის დამტკიცება და სხვა ეტაპები, რაც აუცილებლად უძღვის წინ ახალი მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვას,"- განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის საქართველოში, სილვიუ დომენტეს განცხადებით, ჯანმო მოძებნის ექსპერტებს იმ ქვეყნებიდან, სადაც უკვე არსებობს ამ დაავადებასთან ბრძოლის შესაბამისი გამოცდილება.
"იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს ჩაუტარდეთ დამატებითი ლაბორატორიული ტესტირება და სხვა საჭირო გამოკვლევები. ჩვენ გვთხოვეს, რომ მოვიძიოთ დამოუკიდებელი ექსპერტი, რათა გადახედოს შესრულებულ სამუშაოებს. ჩვენ მოვძებნით კლინიცისტებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან, იმ ქვეყნებიდან, სადაც შეხება აქვთ ამ დაავადებასთან და კონკრეტულ მკურნალობასთან, ეს ძალიან სპეციფიკური დაავადებაა და, შესაბამისად, მკურნალობაც სპეციფიკური უნდა, ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს,"- აცხადებს სილვიუ დომენტე.
0
0