06/08/2024
10:55
ეკონომიკა
ივნისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20.9%-ით შემცირდა და 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 3.0%-ით 28.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.
„ივნისში, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 62%-ით, 49 მლნ აშშ დოლარამდე, შემცირდა. თუმცა, მაღალი ტემპით, 22.2%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, დანარჩენი ქვეყნებიდან, როგორიცაა ყირგიზეთი და კანადა, გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ ზრდადია (35.7%-იანი და 2.1% -იანი მატება, შესაბამისად). კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. ივნისში, რეგიონის ქვეყნებიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად 24.9%-ით და 37.4%-ით. აღსანიშნავია, უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ მინიმალურ დონეზე რჩება. ივნისში, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 42.5%-ს ევროკავშირის ქვეყნები, 17.4%-ს რუსეთი და 22.2%-ს აშშ წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
0
0