04/09/2024
17:05
ეკონომიკა
ივლისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 1.8%-ით დაიკლო და 298.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 17.1%-ით 33.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.
„ივლისში, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 39%-ით, 49 მლნ აშშ დოლარამდე, შემცირდა. თუმცა, მაღალი ტემპებით, 24.5%- ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან და 22.2%-ით ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, დანარჩენი ქვეყნებიდან, როგორიცაა ყირგიზეთი და აზერბაიჯანი, გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ ზრდადია (133.8%-იანი და 6.8% -იანი მატება, შესაბამისად).
კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. ივლისში, რეგიონის ქვეყნებიდან, კერძოდ თურქეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა 35.9%-ით დაიკლო. უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ მინიმალურ დონეზე რჩება. ივლისში, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (43.0%), აშშ (16.9%) და რუსეთი (15.3%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
0
0