23/01/2025
11:15
სამართალი
ასე ვთქვათ, ივანიშვილმა კრიმინალური „სოჩიკი“ ჩამირთო, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ბაჩიაშვილის თქმით, სპექტაკლი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დგამს, პოლიტიკურად მოტივირებულია. მან მოსამართლეს მოუწოდა, სასამართლოში ივანიშვილის მოწმედ დაკითხვა უზრუნველეყო, ვინაიდან ბაჩიაშვილის თქმითვე, ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროცესზე არ გამოცხადდეს.
ამასთან, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის პირადადაა მომსწრე, მოსამართლეები და პროკურორები როგორ დადიოდნენ ივანიშვილთან, რაც იმის საფუძველს აძლევს, სასამართლოს მიმართ უნდობლობა ჰქონდეს.
„დღეს თქვენს წინაშე სრულიად უდანაშაულო ადამიანი ვდგავარ. ეს სასამართლო არანაირ კანონსა და სამართლიანობაზე არაა დაფუძნებული, რადგან ჩემს დასჯას, ანგარიშსწორებას და ფულის გამოძალვას ისახავას მიზნად, დასჯას იმისათვის, რომ ივანიშვილის ანტიდასავლური დღის წესრიგი არ გავიზიარე და ჩემი ღირებულებების ერთგული დავრჩი.
ჩემს საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ივანიშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს გაამყარებს. მე მქონდა ჩემს კომპანიაზე სესხი აღებული ბანკში, რომელიც პირნათლად გადავიხადე.
პროკურორმა ახსენა ჩემი პირადი ბიზნესსაქმიანობა, სადაც ჩემს მიერ ლეგალურად მოპოვებული თანხების ლეგალიზებას ვახდენდი. ჩემი ბიზნესსაქმიანობა, როგორც ფულის გათეთრება, ვერ იქნება განმარტებული. ველოდები, ამ შენობაში ჩემს წინაშე როდის წარდგება ბიძინა ივანიშვილი, რომ პირადად მისი აქ ყოფნის დროს დავამტკიცო, ეს ყველაფერი მისი ფაბრიკაციაა, მაგრამ მას ეშინია ნებისმიერ სასამართლოში მოწმედ დაკითხვა, მე ამის პირადი გამოცდილება მაქვს.
დარწმუნებული ვარ, პროკურორიც და ბიძინა ივანიშვილიც ყველანაირ ზეწოლას განახორციელებენ სასამართლოზე, რომ აქ არ გამოჩნდეს. სამწუხაროდ, ვერაფერს იზამს და დაემორჩილება ბიძინა ივანიშვილის ნებას.
თქვენ, როგორც მოსამართლემ, ივანიშვილის აქ გამოჩენა უნდა უზრუნველყოთ, ის საქართველოში იმყოფება, მას ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და მისი არც ჩართვა არ უნდა მოხდეს.
სასამართლო უნდა იძიებდეს ვინაა კორუფციაში გარეული და არა ბიძინა ივანიშვილის ზეპირ ჩვენებაზე დაფუძნებულ სპექტაკლს. ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლების ყველა შეცდომა გაიმეორა და სასამართლოს დასჯის იარაღად იყენებს. ეს ხელისუფლება ყველაფერს ჩადის, რომ ეს დანაშაულებრივი, კორუფციული მმართველობა გაიგრძელოს. მე შემეძლო გავჩუმებულიყავი და ივანიშვილთან გარიგებაზე წავსულიყავი, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი.
ივანიშვილმა თავის წარმომადგენლის მეშვეობით გამომიგზავნა წერილი, სადაც ჩემი თავისუფლების საფასურად დიდძალი ოდენობით კრიპტოვალუტას ითხოვს, პირდაპირ, მითითებულია, თუკი არ დავაბრუნებ ამ კრიპტოვალუტას, მზარდი თანხებია მითითებული, კრიმინალური „სოჩიკი“ ჩამირთო ასე ვთქვათ, ივანიშვილმა. პატიმრობის მუქარა - რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს სპექტაკლი, რასაც დგამს, პოლიტიკურად მოტივირებულია, ეს პირდაპირ გამოძალვაა",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილის თქმით, მას პირველ ჯერზე 5000 ბიტკოინი მოსთხოვეს, ყოველთვე კი თუკი არ გადაიხდიდა, რაოდენობა 500 ბიტკოინით გაიზრდებოდა. მისივე განმარტებით, მას წერილი რამდენიმე თვის წინ გაუგზავნეს.
პროცესი ამ დროისთვის დასრულებულია.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0