
„ქართული ოცნება“ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური ორგანიზაცია კი არ არის, უბრალოდ ვენდეტაა - ერთი ჯიბიდან მეორეში უნდა გადაიტანონ ფული - ბიძინა ივანიშვილის რომ სანქცირებულია, მილიარდობით დოლარი რომ დაკარგა და გაეყინა ახლა დაკავებულია ამ მოპარული, „ქეში“ ფულის ამოღებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც სუს-ის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის და კიდევ ორი პირის დაკავების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ჯიბიდან მამუკა მდინარაძის, ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში ფული გადაიტანოს.“
„ჯუანშერ ბურჭულაძის ჯიბიდან უნდა გადაიტანონ ფული მამუკა მდინარაძის, ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში. ამას ემსახურება ეს ამბავი. „ქართული ოცნების“ რომელი წარმომადგენელი იბრძვის დღეს კორუფციასთან? მაშინ „ოცნება“ გამოვიდეს და თქვას, რომ 13 წლის განმავლობაში მათი ყველა მაღალჩინოსანი ფულს იპარავდა. ახლა მოიცალეს ერთმანეთის დასაჭმელად. ბიძინა ივანიშვილის რომ სანქცირებულია, მილიარდობით დოლარი რომ დაკარგა და გაეყინა - ახლა დაკავებულია ამ მოპარული, „ქეში“ ფულის ამოღებით. ირაკლი კობახიძე გახდა კორუფციასთან მებრძოლი? აქამდე რას აკეთებდა? იმ მინისტრებს ეგ არ ამტკიცებდა? თან ძალიან შეხმატკბილებულები იყვნენ ბიჭები. პოლიტსაბჭოში ერთად ისხდნენ და ახლა ერთმანეთი თვითმკვლელობამდე მიჰყავთ - ეს არის „ქართული ოცნების“ რეალობა, რომელსაც კიდევ უფრო ეფექტურად უნდა ვიყენებდეთ“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ცნობისთვის, სუს-მა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და კიდევ ორი პირი დააკავა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.
0
0