
ივანიშვილის რეჟიმი არ აპირებს ევროკომისიის პირობების შესრულებას, უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხე რეალურია, ამიტომ ვმუშაობთ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნებთან, რათა ზეწოლის გზები მოიძებნოს ისე, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, უმთავრესი ამოცანაა შიდა წნეხის გაძლიერებასთან ერთად, მოიძებნოს გარე წნეხის იმგვარი ფორმა, სადაც საქართველოს მოქალაქეები არ დაზიანდებიან.
„არანაირი პირობების შესრულებას ივანიშვილის რეჟიმი არ აპირებს, რომელიც ევროკომისიამ წაუყენა. ეს არის უტოპიური და შესაბამისად, ამაზე კონცენტრირება არის სრულიად გაუმართლებელი. უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხე არის სრულიად რეალური. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნებთან - გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს სიკეთე არ დაკარგონ და სხვა გამოსავალი მოვძებნოთ ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლისთვის. ეს არის დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანა - შიდა წნეხის გაძლიერებასთან ერთად, რომ მოიძებნოს გარე წნეხის იმგვარი ფორმა, სადაც საქართველოს მოქალაქეები არ ზიანდებიან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0