ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგია ის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია, - ამის შესახებ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე. ნულოვანი დემოკრატია, ფეხქვეშ გათელილი ადამიანის ღირსება და ძირითადი უფლებები, არჩევნების ტოტალური გაყალბება, „ელიტური“ კორუფცია, ბიზნესის სისტემური რეკეტი, რეპრესიული მანქანის ინსტრუმენტებად ქცეული სასამართლო, პროკურატურა და ძალოვანი სტრუქტურები, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, გადავსებული ციხეები და ქუჩაში დახვრეტილი ათეულობით ახალგაზრდა, ციხეებში თუ ციხეებს გარეთ ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, მიტაცებული ტელევიზიები და მონოპოლიზებული მედია, რეჟიმის მიერ (მათივე ტერმინი რომ გამოვიყენოთ) „ჩარეცხილი“ ინტელიგენცია და შეგნებულად მოშლილი საზოგადოების სტრუქტურა, შეჩერებული წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. და ამ ყველაფერთან ერთად, ყველას გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული - 2008 წლის ღალატი, რუსეთისთვის ჩაბარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო და მაშინდელი რეჟიმის მიერ მოღალატეობრივად ხელმოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა, რომ 2008 წელს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო.
ეს ყველაფერი - სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ეს სისტემური დანაშაული, ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი დაასრულა საქართველოში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ქართული საზოგადოება მანამდე ქართული კულტურისა და სულიერების ასაღორძინებლად, ჩვენი ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად განხორციელებული უპრეცედენტო ქველმოქმედებით იცნობდა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგია ის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა დააყენა სწორ რელსებზე, რის შედეგადაც 2012 წლის შემდეგ, ამ პერიოდში გამოვლილი ორი გლობალური და რეგიონული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა 27 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარამდე, ხოლო ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტი 8,5 მილიარდი ლარიდან 28,7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. უპრეცედენტოდ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პაკეტები - შემოღებულ იქნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ობიექტურ კრიტერიუმებს დაეფუძნა სოციალური დახმარების სისტემა, რამდენჯერმე გაიზარდა ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი. და ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა დემოკრატიული გარდატეხის, ადამიანის უფლებების დაცვისა და პოლიტიკური პლურალიზმის ხარისხის ფუნდამენტური გაუმჯობესების, სასამართლოს და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაციის, მედიაპლურალიზმის დამკვიდრების ფონზე. ასევე, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგია, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით - ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შარშან კი მოგვენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამ ყველაფრისთვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის“,- აღნიშნა კობახიძემ.
0
0