09/05/2024
16:56
პოლიტიკა
სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, ვიზალიბერალიზაცია რისკის ქვეშ დადგა. როცა ვამბობ, ყველა ბერკეტი ამოქმედდება ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ-მეთქი, ამ მექანიზმსაც ვგულისხმობ, რომელიც ევროკავშირის წევრ 27-ვე სახელმწიფოს აქვს, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის გათვლები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხი დაიღლება, ფუჭია.
„[ივანიშვილმა] დაინახა რეალობა, ამ რეალობას თვალებით ჩახედა, ის მთლიანად საერთაშორისო იზოლაციაშია, ის ქართული საზოგადოების მიერ მოკვეთილია, მას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და რა თქმა უნდა, ელოდება, რომ ნებისმიერი დემოკრატიული ბერკეტი საერთაშორისო საზოგადოების მიერ ამოქმედებული იქნება ქართველი ხალხის დასახმარებლად და საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად. ეს ყველაფერი ყველაზე უკეთ უწყის ივანიშვილმა. ფუჭია მისი გათვლები, რომ ქართველი ხალხი დაიღლება და როგორც ის საუბრობს, ჩვენი ენერგია განიავდება. პირიქით, ეს მართალი, ისტორიული, ქართული ბრძოლაა და ქართულ ენერგიას ამ ბრძოლაში „რუსული ოცნება“ ვერ დაამარცხებს. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, ვიზალიბერალიზაცია რისკის ქვეშ დადგა, როცა ვამბობ, ყველა ბერკეტი ამოქმედდება ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ-თქო, ამ მექანიზმსაც ვგულისხმობ, რომელიც ევროკავშირის წევრ 27-ვე სახელმწიფოს აქვს. რა თქმა უნდა, ივანიშვილი განგებ დგამს ნაბიჯს ყველა მხრივ, რომ ქვეყანას დაუბრუნოს ის ძალიან ავი, ბოროტი წარსული და ქვეყანა რუსულ ორბიტაზე შეიყვანოს, მაგრამ მას ავიწყდება, რომ აქ ქართველი ხალხი ცხოვრობს. ქართველი ხალხი ისტორიულად თავისუფლებისთვის იბრძვის, ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულება თავისუფლებაა, არავის მივცემთ შესაძლებლობას ეს შელახოს, თაობების მიერ მთავარი მონაპოვარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია“, - განაცხადა მელიამ.
0
0