
უსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიამ მოისმინა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ანგარიში ამომრჩეველთა სიის სრულყოფის მიზნით გაწეული მუშაობის შესახებ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა სია ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში სისტემური და ინტენსიური მუშაობის შედეგად მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დაზუსტდა.
„სააგენტო მუდმივად ახორციელებს მონაცემთა ხარისხის კონტროლს და მიზნობრივ ღონისძიებებს ამომრჩეველთა სიის სიზუსტის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის მაგალითია მიმდინარე აქცია, რომელიც 2025 წლის 11 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გრძელდება და გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, პირადობის ელექტრონული მოწმობა ნახევარ ფასად მიიღონ.
საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში უწყებათაშორისი კომისია სწავლობს როგორც მედიაში გავრცელებულ, ისე პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, გამოვლენილ ინციდენტებზე რეაგირებისათვის კი შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომისიას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები შედიან, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მოქმედებას.
კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11. უწყებათაშორისი კომისია ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე იმუშავებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0