-share.jpg)
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ საქართველოს არ მიუღია პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით გადაცემაზე მოთხოვნა. მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღნიშნა, რომ მისი არგადაცემის სამართლებრივი საფუძველი არსებობს.
"მსგავსი სახის ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა ჩვენი მხრიდან შეიძლება, გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს. თუმცა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვე არის საერთაშორისო შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობითაც გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ ქვეყანაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის წარმოება...
თეორიულადაც თუ დავუშვებთ იმასაც, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, იმთავითვე არსებობს უარის თქმის გამოკვეთილი საფუძველი", - თქვა რატი ბრეგაძემ.
6 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ "პალიტრანიუსს" უთხრა, რომ უკრაინის სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. მან განმარტა, რომ უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოში მიმდინარე საქმეებთან.
"გამომდინარე იმ პარტნიორული ურთიერთობიდან, რომელიც საქართველოსა და უკრაინას შორის არის, ვიმედოვნებ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გაგებით მოეკიდება ამ საკითხს. ადრე თუ გვიან დაიწყება პროცესები და მიხეილ სააკაშვილი შეძლებს თავის დაცვას კიევის სასამართლოში", - თქვა მან.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026