16/04/2024
00:16
პოლიტიკა
პარლამენტის იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც “გამჭვირვალობის შესახებ" ქართული ოცნების მიერ მომზადებულ კანონპროექტს მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე იხილავდნენ, ასევე, წარმოდგენილი იყო ოპოზიციის მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტების ორი პაკეტი.
კერძოდ, პარლამენტის წევრების ბექა ლილუაშვილის, ანა ბუჩუკურის, მიხეილ დაუშვილის, შალვა კერესელიძის და თეონა აქუბარდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ალტერნატიული კანონპროექტები: „ოკუპანტი ქვეყნის − რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ხოლო მეორე - პარლამენტის წევრების ბექა ლილუაშვილის და მიხეილ დაუშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ალტერნატიული კანონპროექტები - „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პირველი ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი და იკრძალება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას. მეორე ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი განსაზღვრავს გრანტის მიმღებ ორგანიზაციათა წარდგენილი ანგარიშგებების ადმინისტრირებასა და საჯარო ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ ორგანოს, კერძოდ - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს.
„ჩვენი ალტერნატიული პროექტებით გაძლევთ შესაძლებლობას, რომ გადადგათ ნაბიჯი უკან და მხარი დაუჭიროთ ისეთ კანონპროექტებს, რომელზეც არანაირი დაპირისპირების საფუძველი არ იარსებებს“, - ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.
კომიტეტმა ალტერნატიულ კანონპროექტებს მხარი არ დაუჭირა.
0
0