
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილება, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს უკავშირდება, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს "სისხლის სამართლის კოდექსს" ემატება 3071 მუხლი, რომელიც დაარეგულირებს სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს.
აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებები, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან/და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
მომხსენებლის, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, რატი იონათამიშვილის განმარტებით, აღნიშნული საკითხი ცდება სამართლებრივ ცვლილებას და ეს არ არის "სისხლის სამართლის კოდექსში" მხოლოდ მუხლის დამატება.
"ეს არის სახელმწიფოს ფუნდამენტური დაცვის საკითხი - გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს როგორი საქართველო უნდა დავუტოვოთ მომავალ თაობებს. სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია არა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში, არამედ მორალის, ისტორიის თვალსაზრისითაც. ღალატი სპობს ნდობას სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის, ანგრევს იმ საფუძვლებს, რომელზეც ვაშენებთ ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. სამშობლოს ღალატი არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დანაშაული - ეს არის ზიანი, რომელიც მთელ საზოგადოებას ადგება, მათ შორის, ჩვენი წარსულის გმირებს, ჩვენს აწმყოსა და მომავალ თაობებს. ამიტომ, ჩვენი ვალია, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობას შეესაბამება, არამედ შექმნის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის ყველაზე მყარ და მტკიცე გარანტიებს და ხანგრძლივი სახელმწიფო ინტერესების სამსახურში იქნება. ჩვენ ამ საკითხზე საუბარი გვიწევს იმიტომ, რომ წარსულში ადგილი ჰქონდა სერიოზულ შეცდომას და უფრო მეტად ეს იყო დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს კონკრეტულმა პირებმა და რომლის შედეგები ჩვენმა სახელმწიფომ საკუთარ თავზე იწვნია", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, 2007 წელს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ "სისხლის სამართლის კოდექსიდან" სახელმწიფო ღალატის მუხლი ამოიღო.
როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტში მოცემული "სამშობლოს ღალატის" ფორმულირება ზუსტად შესაბამისობაშია იმ ფორმულირებასთან, რაც ჯერ კიდევ 1991 წელს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ კანონმდებლობაში შეიტანა.
პროექტის ავტორი და ინიციატორები ფრაქცია "ქართული ოცნებისა" და პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" დეპუტატები არიან.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025