
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, რომელსაც პარლამენტარების მოსყიდვის მცდელობის ბრალდება აქვს წაყენებული, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
ამის შესახებ „რბკ-უკრაინა“ წერს.
ტიმოშენკოს თქმით, სასამართლო სხდომის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ეს ოპოზიციაზე ზეწოლის მცდელობაა.
„საქმე არ არსებობს, კანონის დარღვევა არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური შეტევა ჩემზე, როგორც ოპოზიციური ფრაქციის ლიდერზე. საბოლოოდ, ჩვენ ამ პოლიტიკურ თავდასხმას გავუმკლავდებით“, – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.
მისი თქმით, გამოძიების მასალები არ შეიცავს რაიმე დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებას.
„გამოძიებამაც, პროკურორებმაც და სასამართლომაც მკაფიოდ დაადასტურეს, რომ მე არავისთვის გადამიცია ფული და არც ჩემთვის გადმოუციათ თანხა. დარწმუნებული ვარ, როგორც უკრაინულ, ისე საერთაშორისო სასამართლოებში სრულად დავამტკიცებ ჩემს აბსოლუტურად პატიოსან პოზიციას“, – თქვა „ბატკივშჩინის“ ლიდერმა.
ტიმოშენკომ ასევე განაცხადა, რომ პროცესს ყურადღებით აკვირდებიან გავლენიანი საერთაშორისო სტრუქტურები, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტის ორგანოები და გერმანული უფლებადამცველი ორგანიზაციები.
ამ ეტაპზე „ბატკივშჩინის“ ლიდერის გუნდი უკვე ამზადებს სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
„ყველა საერთაშორისო სტრუქტურა, რომელიც ამ ვითარებას აკვირდება, შოკშია“, – განაცხადა ტიმოშენკომ.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქმის ფალსიფიკაციაში მონაწილე პირებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
შეგახსენებთ, რომ „ბატკივშჩინის“ ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოება იანვარში დაიწყო. 13 იანვარს უკრაინის ანტიკორუფციულ ორგანოებში განაცხადეს დეპუტატების მოსყიდვის სქემის გამოვლენის შესახებ. გამოძიების ვერსიით, საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი ცდილობდა, ზეგავლენა მოეხდინა კენჭისყრის შედეგებზე უმაღლეს რადაში. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ საქმე იულია ტიმოშენკოს ეხებოდა. მომდევნო დღეს, პარტიის ოფისში ჩხრეკის შემდეგ, პოლიტიკოსს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი. მტკიცებულებად ანტიკორუფციულმა ორგანოებმა გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერები. ტიმოშენკომ კატეგორიულად უარყო ყველა ბრალდება, საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული, ხოლო ჩანაწერებს გაყალბებული უწოდა. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მიუხედავად, 23 იანვარს უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო დააწესა.
0
0