
იტალიის სენატმა დაამტკიცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის სასამართლო რეფორმა, რომელიც ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს თანამდებობრივ შეზღუდვებს უწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
რეფორმის თანახმად, პირი, რომელიც იკავებდა მოსამართლის თანამდებობას, ვეღარ გახდება პროკურორი და პირიქით. ასევე უნდა შექმნას ორი დამოუკიდებელი მმართველი საბჭო: ერთი მოსამართლეებისთვის და მეორე პროკურორებისთვის. ორივე ორგანო პასუხისმგებელი იქნება დანიშვნებზე, დაწინაურებებზე და დისციპლინარულ პროცესებზე.
მედიის ცნობით, სენატში შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა 112 კანონმდებელმა მისცა, წინააღმდეგი იყო – 59, თავი შეიკავა 8 სენატორმა. იტალიის კანონმდებლობით, შემდეგი ნაბიჯი რეფერენდუმია. თუ პროექტი იტალიელების მხარდაჭერას მოიპოვებს, ცვლილებები ძალაში შევა.
იტალიის მთავრობა აცხადებს, რომ ეს ცვლილებები გააუმჯობესებს ანგარიშვალდებულებასა და ეფექტიანობას სასამართლო სისტემაში, თუმცა კრიტიკოსები, მათ შორის ოპოზიციური პარტიები და იურიდიული ასოციაციები, ამტკიცებენ, რომ რეფორმა დაასუსტებს პროკურატურის დამოუკიდებლობას და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზებას გამოიწვევს.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ჯორჯია მელონი დიდი ხანია, დაპირისპირებულია ქვეყნის სასამართლო სისტემასთან, მელონი სასამართლოებს მთავრობის პრიორიტეტების დაბლოკვაში ადანაშაულებს.
იტალიის პრემიერმა სენატში გამართული კენჭისყრა „ისტორიულ ნიშნულად“ შეაფასა და განაცხადა, რომ მთავრობამ და პარლამენტმაც „თავისი საქმე გააკეთეს“ და ახლა საბოლოო გადაწყვეტილება ხალხს ეკუთვნის.
ოპოზიციონერი სენატორები „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობიდან“და სხვა პარტიებიდან პროტესტს გამოთქვამდნენ საკანონმდებლო დარბაზში. მათი მტკიცებით, მართლმსაჯულების რეფორმა მთავრობისთვის „სრული ძალაუფლების მინიჭებას“ ნიშნავს.
ცნობისთვის, აღნიშნული სასამართლო რეფორმის მიღებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. სენატში მის დამტკიცებას ბერლუსკონის თანაპარტიელებმა ისტორიული მისიის შესრულება უწოდეს და კენჭისყრის შემდეგ რომის ქუჩებში აღნიშნეს გამარჯვება.
ბერლუსკონის პარტია „ფორცა იტალიას“ სენატორმა და ევროპარლამენტის ყოფილმა წევრმა ლიჩია რონცულიმ ბერლუსკონის მემკვიდრეობა გაიხსენა და აღნიშნა: „ჩვენი პრეზიდენტი ზემოთ ახლა აუცილებლად ბედნიერია – მოსამართლეებმა ხომ მთავრობებიც კი დაამხეს!“
0
0