
იტალიის რამდენიმე ქალაქში დემონსტრაციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გაძვირებულ საცხოვრებელ ხარჯებს აპროტესტებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ამასთან, რამდენიმე იტალიური პროფკავშირის მოწოდებით, ქვეყანაში ეროვნული გაფიცვაც დაიწყო.
რომის ცენტრში მდებარე ტასოს გიმნაზიის მოსწავლეებმა სკოლის ბლოკირება მოახდინეს, შენობის კედლები მოხატეს და განაცხადეს, რომ ეს მათი შანსია, საკუთარი მოთხოვნები გააჟღერონ.
სკოლების ბლოკადა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც დაიწყო. მილანში პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წინ რამდენიმე ასეული სტუდენტი შეიკრიბა.
ტურინში სტუდენტები, პედაგოგები და პროფკავშირის წევრები ქალაქის მერიისკენ მარშით გაემართნენ. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციას 50 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა .
ვენეციაში სტუდენტებისა და დასაქმებულთა მარში პოლიციის კორდონმა გააჩერა. კორდონის გარღვევის მცდელობა პოლიციამ რეზინის ჯოხების გამოყენებით შეზღუდა. დემონსტრაციები მიმდინარეობს ნეაპოლში, პალერმოსა და ბოლონიაშიც.
0
0