
იტალიის ერთ-ერთი მუზეუმიდან მოიპარეს პიერ ოგიუსტ რენუარის, პოლ სეზანისა და ანრი მატისის ნამუშევრები, რომელთა საერთო ღირებულება რამდენიმე მილიონ ევროს აღწევს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ნამუშევრები მოიპარეს პარმასთან მდებარე კერძო მუზეუმიდან.
მოპარულ ნამუშევრებს შორისაა რენუარის „თევზები“, სეზანის „ნატურმორტი ალუბლით“ და მატისის „ოდალისკა ტერასაზე“.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ძარცვა 22 მარტს მოხდა.პოლიციის ცნობით, მძარცველები ოთხნი იყვნენ.
როგორც მედია წერს, ნიღბიანმა დამნაშავეებმა კარი გატეხეს, პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ დარბაზში შეაღწიეს და მუზეუმის ბაღის გავლით მიიმალნენ. მძარცველები შენობაში სულ სამი წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
სამართალდამცველების შეფასებით, დანაშაული წინასწარ იყო დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული.
ამასთან, როგორც იტალიური მედია წერს, მძარცველები სავარაუდოდ სიგნალიზაციის ამოქმედებამ შეაშინა, რის გამოც მეოთხე ნახატი, რომლის მოპარვასაც ისინი გეგმავდნენ, მუზეუმში დატოვეს.
ამჟამად პოლიცია სწავლობს მუზეუმისა და მის მახლობლად მდებარე ობიექტების სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს.
ფონდში მანიანი-როკა, რომელიც პარმადან 20 კილომეტრში მდებარეობს, დაცულია ხელოვნებათმცოდნე ლუიჯი მანიანის კოლექცია. მასში ასევე შედის ალბრეხტ დიურერის, პეტერ პაულ რუბენსის, ანტონ ვან დეიკის, ფრანსისკო გოიასა და კლოდ მონეს ნამუშევრები. ფონდი 1977 წელს დაარსდა.
0
0