
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის ცნობილი ფოტოს თავდაპირველი ასლი, ოტავას სასტუმროდან გაუჩინარების შემდეგ, იტალიაში იპოვეს.
კანადელმა ფოტოგრაფმა იუსუფ ქარშმა ფოტო, სახელწოდებით „ღრიალა ლომი“, 1941 წელს, კანადის პარლამენტში ჩერჩილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გადაიღო. როგორც ცნობილია, ფოტო ოტავას სასტუმრო Château Laurier-დან მოიპარეს და ის ყალბი ასლით შეცვალეს.
ოტავას პოლიციის განცხადებით, პორტრეტი იტალიაში, გენუაში მცხოვრებ კერძო მყიდველს აღმოაჩნდა, რომელმაც არ იცოდა, რომ ის მოპარული იყო.
ოფიციალური პირების განცხადებით, პოლიციამ, ქურდობისა და უკანონო გაყიდვის ფაქტზე, ონტარიოში მცხოვრები 43 წლის მამაკაცი დააკავა. მისი ვინაობა არ სახელდება. დაკავებულ პირს ასევე ბრალად ედება ქონების გაყალბება და დაზიანება.
გამომძიებლების თქმით, ის 25 აპრილს დააკავეს და მეორე დღეს ოტავას სასამართლოში გამოცხადდა.
ფოტოზე ჩერჩილი სიგარას გარეშეა. გავრცელებული ინფორმაციით, სურათის გადაღებამდე იუსუფ ქარშმა ჩერჩილს ნებართვის გარეშე წაართვა სიგარა, რის გამოც ყოფილმა პრემიერმა კამერისკენ გაბრაზებულმა გაიხედა და თქვა: „ფოტოს გადასაღებად ღრიალა ლომსაც აიძულებთ, რომ ადგილზე გაჩერდეს!“.
"საფერფლე გავწიე, თუმცა [ჩერჩილი] მას არ შეხებია... მე ველოდებოდი; ის კვლავ ენერგიულად ეწეოდა სიგარას. შემდეგ პატივისცემით მივმართე: „მაპატიეთ ბატონო“ და სიგარა წავართვი. როდესაც კამერა ავიღე, ჩერჩილი "ისე აგრესიულად გამოიყურებოდა, რომ მეგონა გადამყლაპავდა", - იხსენებს ქარში.
სასტუმრო Château Laurier-ის თანამშრომელმა ყალბი ფოტო პირველად 2022 წლის 19 აგვისტოს შენიშნა. პოლიციის დასკვნით, ფოტო, Covid 19-ის დროს დაწესებული მკაცრი „ლოქდაუნის“ დროს, 2021 წლის 25 დეკემბრიდან 2022 წლის 6 იანვრამდე შუალედში, მოიპარეს. ფოტო, ლონდონის აუქციონის სახლის მეშვეობით, იტალიაში მცხოვრებმა კერძო პირმა იყიდა.
„ქურდობაში ეჭვმიტანილი საზოგადოების მიერ წარდგენილი რეკომენდაციების, სასამართლო-სამედიცინო ანალიზისა და ღია წყაროების საფუძველზე გამოვლინდა. ოტავას პოლიციიდან ისტორიული პორტრეტი, საბოლოოდ, Fairmont Château Laurier-ში განთავსდება,“ - განაცხადა პოლიციამ.
სექტემბრის ბოლოს, კანადელი გამომძიებლები რომში ცერემონიას დაესწრებიან, სადაც უცნობი მფლობელი ფოტოს ოფიციალურად წარადგენს.
0
0