
იტალიის ქალაქ რეჯო ემილიაში 3 ქართველი დააკავეს, რომლებიც სავაჭრო ცენტრიდან ტელეფონების და ვიდეოთამაშის მოპარვას ცდილობდნენ. ამის შესახებ ilrestodelcarlino.it იუწყება.
ინციდენტი სავაჭრო ცენტრ le ‘I Petali’-ში მოხდა. როდესაც დაცვის თანამშრომელმა დაინახა, რომ ქართველები ორი აიფონის და ვიდეოთამაშის მოპარვას აპირებდნენ, რომელთა ჯამური ფასი 1600 ევროს შეადგენდა, მან დირექტორი გამოიძახა.
ამის შემდეგ ერთ-ერთ ქართველს და მაღაზიის პერსონალს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა, თუმცა თავად ქართველები ჩხუბის ფაქტს უარყოფენ.
ადგილზე მისულმა პოლიციამ სამივე ქართველი დააკავა. მათ ძარცვის მცდელობაში ადანაშაულებენ.
პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედები შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ისინი მაღაზიაში სხვადასხვა მხრიდან შევიდნენ და დადიოდნენ, თითქოს ერთმანეთს არ იცნობდნენ. შემდეგ მათ მობილური ტელეფონების და ვიდეოთამაშის მოპარვა სცადეს.
მაგრამ ქართველებს თავიდანვე უსაფრთხოების კამერების ოპერატორის აკვირდებოდა, რომელსაც მათი მოქმედების გამო ეჭვი გაუჩნდა. სწორედ მან ატეხა განგაში.
პროკურატურა დაკავებული ქართველებისთვის შინა პატიმრობას ითხოვს. ადვოკატები კი ნაკლებად მძიმე სასჯელის შეფარდებას მოითხოვენ, რადგანაც ჩხუბის და ძალადობრივი ქმედებების ფაქტი ვიდეოკამერებზე არ ჩანს.
0
0