14/06/2023
11:24
მსოფლიო
მას ესმოდა, „როგორ შეიცვალა იტალიური საზოგადოება“, ამასთან, თავისი მედია-იმპერიის გამოყენებით, ხელი შეუწყო ამ ცვლილებებს.
„ბერლუსკონიზმმა“ შეაღწია იტალიის მიმდინარე პოლიტიკაში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, - ტრამპსა თუ ბოლსონაროში.
სილვიო ბერლუსკონი მოკვდა, მაგრამ ბერლუსკონიზმი ცოცხალია. იტალიელი მაგნატი, XXI საუკუნის პოპულიზმის პიონერი, მემკვიდრეობად ტოვებს პოლიტიკის კეთების მეთოდებს, რომლითაც მოხდა არა მხოლოდ დღევანდელი იტალიის ფორმირება, არამედ მან გამოძახილი ჰპოვა მთელ მსოფლიოში ისეთი „მემკვიდრეების“ სახით, როგორებიც არიან დონალდ ტრამპი, ჟაირ ბოლსონარო ან ნაიბ ბუკელე სალვადორში.
„ბერლუსკონი პოლიტიკის დიდი ნოვატორი იყო, მაგრამ მკვეთრად ნეგატიური გაგებით“, - არწმუნებს RTVE.es-ს პიზას „უმაღლესი ნორმალური სკოლის“ (Scuola Normale Superiore) პროფესორი და ექსპერტი პოპულიზმის საკითხებში, პაოლო გერბაუდო. „მან დაამკვიდრა გარკვეული ტენდენციები, რომლებიც დომინანტურია თანამედროვე პოლიტიკაში“, - აღნიშნავს ის და ნათქვამის საილუსტრაციოდ, რამდენიმე მაგალითი მოჰყავს: „მან როგორც ბიზნესმენმა, ერთმანეთს ისე შეუხამა თავისი პოლიტიკური და პირადი ინტერესები, როგორი ფორმითაც ის ადრე არ არსებობდა. მას მიბაძეს სხვებმა, მაგალითად, ტრამპმა და ბორის ჯონსონმა. მან დაარღვია სხვადასხვა ინსტიტუტების პატივისცემის, აგრეთვე მოწინააღმდეგეებთან ან ჟურნალისტებთან ურთიერთობის, მინიმუმ, კარგი მანერის წესები“.
„კავალიერეს (El Cavaliere) ესმოდა იმედგაცრუების და უნდობლობის ძალა და ისიც, თუ როგორ შეეძლოთ მემარჯვენეებს ამ ძალის სათავისოდ გამოყენება, - განაგრძობს სოციოლოგი, - მას შაბლონურად მოაზროვნე პოლიტიკოსებზე უკეთ ესმოდა, რამდენად შეიცვალა საზოგადოება, მაგრამ, ამასთანან, თავადაც დიდი წვლილი შეიტანა ამ ცვლილებაში იმ „უზარმაზარი კულტურული გავლენის“ წყალობით, რომელიც მისმა სატელევიზიო „მედიასეტმა (Mediaset) მოახდინა გასული საუკუნის 80-90-იან წლებში“.
„მას ესმოდა, რომ იტალიურ საზოგადოებაში არსებობდა ჰედონიზმისა და უკიდურესი ინდივიდუალიზმისკენ სწრაფვა, რომელიც საპასუხო გამოხმაურებას ვერ პოულობდა ტრადიციულ პოლიტიკურ კულტურებში, იქნებოდა ეს კომუნისტური პარტია და სხვა მემარცხენე ძალები, თუ კათოლიციზმი და ქრისტიან-დემოკრატები. მან იცოდა, როგორ განეხორციელებინა თავისი სურვილები პოლიტიკაში“, - ამბობს გერბაუდო.
„ის ცდილობდა ისეთი საზოგადოების შექმნას, როგორიც თავად მოსწონდა და მან ეს შესძლო“
პოლიტიკაში ფეხის შედგმასა და 1994 წლის არჩევნებში გამარჯვებამდე, ბერლუსკონის უკვე ჰქონდა დიდი გავლენა იტალიაში, არა მხოლოდ საკუთარი მედიასაშუალებების წყალობით, არამედ მისივე სარეკლამო კომპანიის ან საფეხბურთო კლუბ „მილანის“ მეშვეობითაც, კლუბისა, რომელიც მან იყიდა და სპორტულ დიდებამდე მიიყვანა. „ბერლუსკონი ცდილობდა ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, როგორიც მას სურდა და ამ გზაზე თანდათან წარმატებას მიაღწია“, - ამბობს ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორი, სტივენ ფორტი.
ბიზნესში მიღწეული წარმატებისა და ქარიზმატული იმიჯის წყალობით, ბერლუსკონიმ პატივმოყვარე პოლიტიკოსის სახე გამოძერწა. „60-70-იანი თუ 80-იანი წლების კლასიკური იტალიელი პოლიტიკოსი, ხალხში განათლების შეტანას ცდილობდა და მორალისტის იმიჯს ირგებდა. ბერლუსკონის შემთხვევაში, პირიქით არის: ის არ ეუბნება ხალხს „ცუდად იქცევით“, „შენ უკეთესი უნდა გახდე” და ა.შ., - ამბობს ფორტი, - ბერლუსკონი ადამიანებს ეუბნება: „კარგი ხარ ისეთი, როგორიც ხარ; ისიამოვნე იმით, რაც გაქვს; მე ვარ მაგალითი შენთვის... ბერლუსკონი იყო წარმატებული მამაკაცის ნიმუში, რომელსაც შეეძლო ლამაზ ქალებთან შეხვედრა, არ ერიდებოდა იმის პირდაპირ თქმას, რისი თქმაც სურდა“.
„მასთან ერთად პოლიტიკა უკიდურესად პერსონალიზებული გახდა, რამდენადაც თავად მისი პარტია იქცა პარტიულ ბიზნესად“. თავის „ფორცა იტალიასთან“ (Forza Italia) ერთად, მან „გამანადგურებელი დარტყმა“ მიაყენა ისეთ მასობრივ პარტიებს, როგორებიც იყვნენ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, სოციალისტური პარტია, კომუნისტური პარტია... ანუ, მე-20 საუკუნის ჰეგემონიურ ძალებს. ეს უკანასკნელნი დიდ კორუფციულ საქმეზე აფეთქდნენ, რომელიც „ტანგენტოპოლის“ სახელით არის ცნობილი. ეს საქმე 1993 წელს გახმაურდა და მან გავლენიან მილანელ ბიზნესმენს პოლიტიკაში მოსვლისკენ უბიძგა.
პოლიტიკაში ბერლუსკონის მიერ დატოვებული კვალი ისეთი მკვეთრი გამოდგა, რომ პერიოდს, 1990-იანი წლების დასაწყისიდან 2012 წლამდე, როდესაც ის ხელისუფლებაში მესამე ვადით ყოფნის შემდეგ გადადგა, „ბერლუსკონის ოცწლეულსაც („Berlusconi ventenio“) კი უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოცწლეულში ის სულ მხოლოდ ცხრა წელი მართავდა ქვეყანას, მაშინაც კი, როდესაც ოპოზიციაში იყო, ფორტის სიტყვებით რომ ვთქვათ, მმართველი პარტიები ქმნიდნენ ისეთ ჭრელ კოალიციებს, რომელთა საერთო შეხების წერტილს მხოლოდ ანტიბერლუსკონიზმი წარმოადგენდა.
„ტელეპოპულიზმის“ მაქსიმალური მაჩვენებელი
ბერლუსკონი არ იყო ერთადერთი განსახიერება იმისა, რასაც ფილოსოფოსმა პიერ-ანდრე ტაგუიფმა „ტელეპოპულიზმი“ უწოდა, მაგრამ სწორედ ის იყო მისი ყველაზე მკაფიო განსახიერება, რადგან არა მარტო სხვებზე (თუნდაც ტრამპზე ან ბოლსონაროზე) ადრე მიხვდა მედიის ძალასა და შესაძლებლობებს, არამედ პრაქტიკულად მთლიანად აკონტროლებდა კიდეც ამ ძალას. თავისი პრემიერმინისტრობის დროს, ბერლუსკონის თითქმის ჰეგემონური კონტროლი ჰქონდა ტელევიზიებზე - ის, ერთის გარდა, ყველა ეროვნულ არხს ფლობდა.
სტივენ ფორტის თქმით, პოლიტიკაში შესვლაზე განაცხადი ბერლუსკუნიმ ცხრაწუთიანი ვიდეო-რგოლით გააკეთა, რომელიც მან ყველა სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემას გაუგზავნა. სილვიო „პირდაპირ, უშუალოდ ესაუბრებოდა იტალიელებს“, რითაც პოლიტიკოსებისთვის ჩვეულ, კომუნიკაციის ტრადიციულ გზას გადაუხვია, 2001 წლის კამპანიის დროს კი, რომელშიც ბერლუსკონიმ გაიმარჯვა, იტალიელებთან კონტრაქტს მან, პრაიმ-თაიმის შოუს დროს, პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი.
„ამას ემატება „ვოდევილიც“, რომელიც ყოველთვის იყო მისი პერსონის თანმდევი: წვეულებები, ურთიერთობა ქალებთან, რომელსაც სხვები მალავდნენ, როგორც „უხერხულობას“, მაგრამ ბერლუსკონი ამით აფიშირებდა“, - ამბობს ექსპერტი.
„ბერლუსკონი წარმატებულია, რადგან ის შესანიშნავად ფლობს პოპულიზმის ისეთ ელემენტებს, როგორიცაა უშუალობა, პირდაპირი, ვერტიკალური კავშირი ამომრჩეველთან შუალედური პარტიული რგოლების გარეშე. მას არ აქვს პარტია [Forza Italia მაშინ ახლად შექმნილი იყო], მაგრამ აქვს „მედიასეტი“, - ამბობს ხაიმე ბორდელი, პოლიტოლოგი და თანაავტორი წიგნისა „სელვინი და მელონი: საერთო ბრაზის შვილები“ (Salvini & Meloni: Sons of the Same Rage).
ამ თვალსაზრისით, ის თამაშის წესებს აკონტროლებდა და სატელევიზიო მედიაზე დომინირებდა ბევრად უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე მისი მემარცხენე მეტოქეები, რომლებიც „შავ-თეთრ“ ფიგურებად რჩებოდნენ.
დღეს, სოციალური ქსელების ფართოდ შემოჭრის პირობებში, პოპულისტი ლიდერები მას ამომრჩევლებთან პირდაპირი კავშირის დასამყარებლად იყენებენ. „ტვიტერი“ იყო დონალდ ტრამპის კომინიკაციის გასაღები - სანამ მას ვეტოს დაადებდნენ, ახლა კი ის საკუთარ სოციალურ ქსელს იყენებს. სოციალური ქსელი ასევე მნიშვნელოვანია სალვადორის პრეზიდენტის, ნაიბ ბუკელესთვის, რომელსაც 5,2 მილიონი გამომწერი ჰყავს. ფორტის თქმით, მათგან განსხვავებით, ბერლუსკონი სატელევიზიო სფეროში „დაბერდა“, რადგან ბოლო საარჩევნო კამპანიის დროს „ტიკ-ტოკში “ მისი შეჭრა წარუმატებელი გამოდგა.
სასამართლო საქმეები მან სათავისოდ გამოიყენა
იმ „სამარცხვინო საქმეებს“ შორის, რომლებითაც ბერლუსკონი იკვეხნიდა, იყო არა მხოლოდ ჭორებზე აგებული სკანდალები, არამედ ათობით კორუფციული ბრალდებაც, რომელიც მან საარჩევნო პერიოდში თავის სასარგებლოდ ისევე გამოიყენა, როგორც ამას აკეთებს ტრამპი მის მიმართ წაყენებული ბრალდებების შემთხვევაში. „ის არის პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც შეძლო მოსამართლეებისა და სხვადასხვა უწყების მხრიდან მის მიმართ ბრალდებები გამოიყენოს, როგორც ერთგვარი დადასტურება იმისა, რომ რადგან ახლოს დგას ხალხთან, მის ნებასთან, ამიტომ ამ ნებას ფარისევლური სისტემა ახშობს“, - ამბობს ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი, გერბაუდო.
ბერლუსკონის მემკვიდრეობის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია ის, რასაც გერბაუდო „არალეგალიზმს“ უწოდებს: მან მიიღო კანონები, რომლებიც უკანონო მშენებლობის ნებას იძლეოდა, შემდეგ კი ამ მშენებლობებზე ამნისტია ცხადდებოდა, რაც მცირე ბიზნესს გადასახადებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევდა და ეკონომიკური დანაშაულისთვის სამართლებრივ დევნას ართულებდა.
მელონისა და სალვინის ჩანასახები
„იტალია დღეს ბევრად უარესია, ვიდრე 30 წლის წინ იყო და ამაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ბერლუსკონია“, - მტკიცედ აცხადებს ფორტი. მისივე მტკიცებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა მოახდინა ულტრამემარჯვენე ძალების „ლეგიტიმაცია“, რომლებიც იტალიის პოლიტიკიდან ათწლეულების განმავლობაში იყვნენ გარიყულები, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემუშავებული და ანტიფაშისტურ პარადიგმაზე დაფუძნებული კონსტიტუციის საფუძველზე.
მან თავის ერთ-ერთ მთავრობაში შეიყვანა პოსტფაშისტური წარსულის მქონე ახლანდელი პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი, გარდა ამისა, ბერლუსკონი თავად შედიოდა იმ ულტრამემარჯვენე კოალიციაში, რომელმაც მელონი 2022 წელს ხელისუფლებაში მოიყვანა. მელონი „ბერლუსკონის შვილიშვილია“: გერბაუდოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯია უფრო ჯანსაღ ტონს იყენებს, კავალიერის სექსუალური ხუმრობებისგანაც შორს დგას და უფრო „ნაციონალისტური და ავტორიტარული“ პოლიტიკური მიდგომით გამოირჩევა, ვიდრე მისი წინამორბედი, პრემიერი ქალბატონი მაინც თავისი „დიდი წინაპრის“ როლს თამაშობს და მის პოლიტიკას ატარებს.
ლიგის ლიდერი და იტალიის უკიდურესი მემარჯვენეების კიდევ ერთი მთავარი სახე, მატეო სალვინიც ბერლუსკონის პირდაპირი მემკვიდრეა. ბორდელი მიიჩნევს, რომ სილვანი თავის პარტიას მასთან ერთად მართავდა და მედიაში გამოსვლების დროსაც, მას ბაძავდა.
ამჟამინდელი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან განსხვავდება იმ დროისგან, რომელსაც ბერლუსკონიმ მისცა დასაბამი. ფორტის აზრით, სილვიომ წარმატებას „ნეოლიბერალიზმის ოქროს ხანაში მიაღწია, როდესაც, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, საყოველთაო კეთილდღეობის ჰორიზონტი გამოჩნდა. „ნაცრისფერი და ბიუროკრატიული“ მემარცხენეების ფონზე, ბერლუსკონიმ „სამეწარმეო ოპტიმიზმი“ გააღვივა“, - აღნიშნავს გერბაუდო.
„1990-იან წლებში მომავალს, ძირითადად, ოპტიმისტურად უყურებდნენ. ახლა ოპტიმიზმი არ არსებობს; ხალხი მომავალს შიშითა და გაურკვევლობით უყურებს, - ამბობს პროფესორი სტივენ ფორტი, - გარდა ამისა, იმ დროისგან განსხვავებით, ულტრამემარჯვენეები დასავლურ პოლიტიკურ სისტემებში დღეს უფრო კონსოლიდირებულები არიან“.
ეს ყველაფერი ხდება „ლიბერალური და პლურალისტური პოლიტიკური სისტემების ღრმა კრიზისში“ პირობებში, რაც ხელს უწყობს „ბერლუსკონის“ დარი ფიგურების გამოჩენას და გაძლიერებას. ფორტი ციტირებს კრიზისულ პერიოდთან დაკავშირებით კომუნისტ ანტონიო გრამშის ცნობილ გამოთქმას: „როდესაც ძველი კვდება, ახალი კი ჯერ ბოლომდე არ დაბადებულა, მონსტრები ჩნდებიან“.
0
0