08/05/2024
13:24
მსოფლიო
გავრცელებული ინფორმაციით, იტალია ქვეყნის მასშტაბით გარეულ ტახებზე სანადიროდ ჯარისკაცებს გამოყოფს, რათა ქვეყნის €8.2 მილიარდის ღირებულების პროშუტოსა და სოსისის ინდუსტრია "აფრიკული ღორის ჭირისგან" დაიცვას.
გეგმის მიხედვით, 177 ჯარისკაცი ერთი წლის ვადით იტალიის სხვადასხვა ნაწილში გაიგზავნება. ეს ქვეყნის პრემიერმინისტრის ჯორჯია მელონის 5-წლიანი კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრულია, რომ ქვეყანაში გარეული ტახის რაოდენობა 80%-ით უნდა შემცირდეს, რათა იტალიამ აფრიკულ ღორის ჭირთან გამკლავება შეძლოს.
გათვლების მიხედვით, ამჟამად იტალიაში გარეული ტახების რაოდენობა 1-დან 1.5 მილიონამდეა, რაც პრობლემებს უქმნის როგორც სასოფლო ტერიტორიებს, ასევე ქალაქების პერიფერიებს. მაგალითად, გათვლების მიხედვით, 2015-დან 2021 წლამდე გარეულმა ტახებმა ქვეყანას €120 მილიონის ღირებულების ზარალი მიაყენეს. თუმცა, ამ ცხოველებთან მიმართებით მთავარი პრობლემა აფრიკული ღორის ჭირია.
აფრიკული ღორის ჭირი მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ღორებში სიკვდილიანობის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს და მაღალი გადადების მაჩვენებლით ხასიათდება, მათ შორის გარეულ ტახებშიც.
იტალიაში ღორის ხორცის ინდუსტრია ყოველწლიურად €8.2 მილიარდს გამოიმუშავებს და ქვეყანაში შინაური ღორების რაოდენობა დაახლოებით 8.7 მილიონია. ამასთანავე, ინდუსტრიაში თითქმის 50 000-მდე ადამიანია დასაქმებული.
0
0