29/12/2021
16:13
მსოფლიო
ამენჰოტეპ I ეგვიპტეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1525-1504 წწ.-ებში მართავდა. მისი ცხედარი პირველად 140 წლის წინ დეირ ელ-ბაჰარის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, მაგრამ არქეოლოგებმა მუმია არ გახსნეს სახის დახვეწილი ნიღბისა და სახვევების უვნებლად შენარჩუნების მიზნით. მკვლევართა ჯგუფმა პირველად გამოიყენა კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) მისი სხეულის ციფრულად გასახსნელად. შედეგად გამოვლინდა მანამდე უცნობი ინფორმაცია ფარაონისა და მისი დაკრძალვის წესის შესახებ.
„ჩვენ დავინახეთ მეფის სახე, რომელიც ეგვიპტური ესთეტიკით შექმნილი ნიღბით 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეფუთული იყო“, - თქვა კაიროს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რადიოლოგიის პროფესორმა, საჰარ სალიმმა.
პროფესორმა აღნიშნა, რომ სახის მრავალი ფენის დასკანერებით, მკაფიოდ გამოჩნდა ფარაონის რეალური სახის ნაკვთები: „ვიწრო ნიკაპით, პატარა ვიწრო ცხვირით, ხვეული თმით და ოდნავ ამოწეული ზედა კბილებით, ამენჰოტეპ I, როგორც ჩანს, მამას - აჰმოსე I-ს ჰგავდა, რომელიც ძველი ეგვიპტის მე-18 დინასტიის პირველი ფარაონი იყო.“
მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ამენჰოტეპ I-ის სიმაღლე დაახლოებით 169 სმ იყო. ფარაონი 35 წლის გარდაცვლილა. პროფესორ საჰარ სალიმის თქმით, სკანირებამ აჩვენა, რომ ფარაონი ძალიან კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იყო, ხოლო გარდაცვალების დროს, არ აღენიშნებოდა რაიმე სახის ჭრილობა ან დაავადება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ფარაონი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა.
მკვლევრების თქმით, სხეულს კი 30 ამულეტი და ოქროს მძივებით შემკული უნიკალური ქამარი ამშვენებდა, რომელსაც ამენჰოტეპ I ატარებდა. სკანირებამ აჩვენა, რომ მუმიას აღენიშნებოდა სიკვდილის შემდგომი მრავლობითი დაზიანება, რომლებიც, სავარაუდოდ, საფლავის მძარცველებმა მიაყენეს.
ექსპერტების მტკიცებით, ამენჰოტეპ I-ის ოქროს ქამარი უნიკალური და ერთადერთია (ჯერჯერობით), რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. აღმოჩენა მეცნიერების წარმოდგენებსა და ცოდნას კიდევ უფრო ამდიდრებს.
0
0