კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობას განწყობა ასე ნაწილდება:
- დიახ - 54,4 %,
- არა - 22,3%
- არ ვიცი/ უარი პასუხზე - 23,2% .
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. თბილისში, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50% ემხრობა, წინააღმდეგია ან უარის ამბობს პასუხზე - 50%. რეგიონებში 56,4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
„თუ პოლიტიკური პრეფერენციების ჭრილში შევხედავთ, ყველაზე მაღალი მზაობა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის აქვთ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს (60%), ხოლო ყველაზე დაბალი - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ამომრჩევლებს (33%)“, - ნათქვამია კვლევაში.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს მოსახლეობაში პოზიციები გაყოფილია: ერთი ნაწილი (36%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილი (39%) - ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.
„თბილისში უფრო დიდი ნაწილი (46%) მხარს უჭერს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.
რეგიონებში პირიქით - უფრო დიდი ნაწილი (40%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.
საქართველოს მოსახლეობის მოლოდინები ადგილობრივი არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ გაყოფილია (სამართლიანად მიიჩნევს - 42.5%; არასამართლიანად - 42%)“, - აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, ალოკაციის მეთოდით პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
- კოალიცია ცვლილებებისათვის - 16,9%-ს,
- ნაციონალური მოძრაობა 14,6%
- ლელო ძლიერი საქართველო - 13,4%
- გახარია საქართველოსთვის 12,4%
- ქართული ოცნება 35,2%
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ხელმძღვანელის, იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, კვლევის თანახმად, თბილისში ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვებას აქვს რამდენიმე აუცილებელი წინაპირობა ან დათქმა, რომლებიც თუ არ შესრულდა მაშინ ოპოზიციას გამარჯვება გაუჭირდება ან საერთოდ შეუძლებელი იქნება.
2025 წლის 5-20 მაისის შუალედში კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC-თან თანამშრომლობით.
საზოგადოებრივი აზრის კვლევაში (პირისპირ ინტერვიუ) 2000 რესპონდენტი მონაწილეობდა.