11/07/2023
15:53
მსოფლიო
ისრაელის მასშტაბით, ათიათასობით მომიტინგემ გზები გადაკეტა მას შემდეგ, რაც მათ პირობა დადეს, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმების წინააღმდეგ პროტესტს გააამკაცრებდნენ.
პოლიციამ იერუსალიმი-თელავივის ავტომაგისტრალზე წყლის ჭავლი გამოიყენა და, სულ მცირე, 42 ადამიანი დააკავა.
ისრაელის პარლამენტმა კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას ზღუდავს, 10 ივნისს, ღამით, პირველი მოსმენით მიიღო. რეფორმებმა ქვეყნის პოლარიზაცია მოახდინა და თვეობით მასობრივი დემონსტრაციები გამოიწვია.
იერუსალიმში, პარლამენტის შენობის შიგნით, სანამ დეპუტატები კანონპროექტს უყრიდნენ კენჭს, მომიტინგეები პალატის შესასვლელთან გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.
დემონსტრაციები 11 ივლისს დილით ადრე დაიწყო, როდესაც მომიტინგეებმა ისრაელის დროშების ფრიალით და ლოზუნგების შეძახილებით მთელი ქვეყნის მასშტაბით გზები გადაკეტეს, რამაც პიკის საათებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ჰერცლიაში, თელ-ავივის ჩრდილოეთით, მომიტინგეებმა გზაჯვარედნზე საბურავები დაწვეს. დღეს, აეროპორტის მიმდებარედ, ასევე მასშტაბური საპროტესტო აქციებია მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ ასობით რეზერვისტი - ისრაელის არმიის ხერხემალი - სასამართლო რეფორმების გაპროტესტების ნიშნად, მოვალეობის შესრულების შეწყვეტით დაიმუქრა.
აღნიშნული კანონპროექტი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმების პაკეტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის ძალაუფლების შეკვეცას. კანონპროექტის თანახმად, სასამართლოები ზედმეტად ერევიან პოლიტიკურ პროცესებში, რაც ზღუდავს ამომრჩევლის ნებას.
რეფორმების კრიტიკოსები ამბობენ, რომ მთავრობის გეგმები ძალიან ვრცელია და ქვეყნის დემოკრატიული სისტემისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
0
0