09/03/2023
16:06
მსოფლიო
ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში სასამართლო რეფორმის კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის მიღებასაც მემარჯვენე მთავრობა ითხოვდა. დემონსტრანტებმა შეკრება ქვეყნის მთავარ [ბენ გურიონის] აეროპორტთან დაგეგმეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტის შემდეგ იერუსალიმში დღეს ჩამოფრინდებოდა.
როგორც Reuters-ი წერს, აქციის ორგანიზატორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით პროტესტის ესკალაცია მოითხოვეს, რასაც მათ სასამართლო რეფორმებისადმი "წინააღმდეგობის დღე" უწოდეს. აქციის მონაწილეების აზრით, აღმასრულებელი ხელისუფლება ისრაელის უზენაესი სასამართლოს დაქვემდებარებაშია და ის ხელს უწყობს კორუფციას. დემონსტრაციაში მონაწილეობა ასობით ადამიანმა მიიღო.
იერუსალიმში, Kohelet Policy Forum-ის [ანალიტიკოსთა ჯგუფის ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს მთავრობის მიერ ინიცირებულ რეფორმებს] შენობის წინ ბარიკადების აღმართვის მიზნით, მომიტინგეთა ჯგუფმა ქვიშის ტომრები და მავთულხლართები გამოიყენა. ნეთანიაჰუს სასამართლო მექრთამეობაში ადანაშაულებს, თუმცა პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემაში გარკვეული შეზღუდვების დაწესება ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსს აღადგენს.
როგორც ცნობილია, 21 თებერვალს ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებები მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებების შემცირებას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი კანონის სახით ჯერ კიდევ არ არის მიღებული, ისრაელის სასამართლოს გადახედვის გეგმამ საზღვარგარეთ შეშფოთება გამოიწვია.
გამოკითხვებმა აჩვენა, რომ, ეროვნული კონსენსუსის უზრუნველყოფისთვის, ისრაელის მოქალაქეთა უმეტესობას ამ კანონპროექტის განხილვის შეჩერება ან მისი შესწორება სურს.
0
0