
საქართველოდან პურის ექსპორტი დაიწყო. როგორც „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა, პირველი პარტია - 34 ათასი პური ისრაელში უკვე გაიგზავნა.
„3 მარტი პურ-პროდუქტების ისტორიაში საამაყო დღე იყო. ერთ-ერთი წარმოებიდან, „იფქლი დიღომიდან “ ისრაელში 4 ასორტიმენტის 34 ათასი პური გაიგზავნა. აღნიშნული პარტია ისრაელში 10 დღის განმავლობასი ჩავა, სწორედ ამდენი დრო სჭირდება ტრანსპორტირებას.
ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის ისრაელიდან, უვიზო მიმოსვლაა და შესაბამისად, მათ უკვე იციან, როგორი პურია საქართველოში. ამას გარდა, პურის ფასი საქართველოში საკმაოდ დაბალია, მაშინ როცა ისრაელში ის 3-4 დოლარამდე ღირს. ვფიქრობ, ისრაელში ქართული პური 3 დოლარამდე ეღირება“, - აღნიშნა დოლიძემ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ისრაელში გაგზავნილ პარტიაში პირველად იქნა გამოყენებული მოხარშული ცომის ტექნოლოგია, რომელიც ინარჩუნებს სირბილეს, იმ სასაქონლე სახეს, რომელიც მომხმარებლისთვის მისაღები იქნება.
„ამის მონიტორინგი განხორციელდა, ჩაიტანეს ნიმუშები და შემდეგ გადაწყდა ხელშეკრულების გაფორმება“, - დასძინა დოლიძემ „საქმეში“.
0
0