-share.jpg)
დუბლინში დაბადებულ ისრაელელს, ტომ ჰენდს, რომელსაც თავდაპირველად მისი 8 წლის ქალიშვილის, ემილი ჰენდის მკვლელობის შესახებ აცნობეს, ახლა უთხრეს, რომ შესაძლოა გოგონა ჰამასს მძევლად ჰყავდეს აყვანილი.
ისრაელში ირლანდიის საელჩომ ირლანდიურ მაუწყებელ RTÉ-ს დაუდასტურა, რომ ახლა ემილის არა მოკლულად, არამედ გატაცებულად მიიჩნევენ.
ჰამასის თავდასხმის დროს 8 წლის გოგონა, რომელსაც ირლანდიის მოქალაქეობაც აქვს, ღაზასთან ახლოს მდებარე კიბუც ბეერიში იმყოფებოდა. მალევე ოჯახს შეატყობინეს, რომ ემილის დაღუპულად მიიჩნევდნენ.
თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გოგონას მამამ, ტომ ჰენდმა ემოციური ინტერვიუ მისცა CNN-ს და თქვა, რომ როდესაც მისი ქალიშვილის დაღუპვის შესახებ შეატყობინეს, შვება იგრძნო, რადგან ის, რასაც ღაზაში მძევლები გადიან, სიკვდილზე უარესია.
საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ბეერიში მსხვერპლთა შორის ემილის დნმ არ აღმოჩნდა. ემილის ნახევარდის, ნატალი ჰენდის თქმით, ისინი უკვე გლოვობდნენ, როდესაც ახალი ამბავი შეატყობინეს. მან Channel 12-თან ინტერვიუში თავის დასაც მიმართა.
"მინდა გითხრა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სახლში დაგაბრუნოთ. ვიცით, რომ მძევლად ხარ აყვანილი. ძალიან გვიყვარხარ და გვენატრები". - თქვა მან.
როგორც 5 ნოემბერს RTÉ-სთან საუბრისას გოგონას ოჯახის წევრებმა თქვეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მათ უკვე შეატყობინეს, რომ ემილის ღაზაში მძევლად ყოფნის "დიდი ალბათობა" არსებობს.
კიბუც ბეერიში ჰამასის ტერორისტებმა 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. დასახლების ათობით მცხოვრები ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება და ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, მძევლად აიყვანეს და ღაზაში გადაიყვანეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ბოლო განცხადების თანახმად, ჰამასის მძევლებს შორის 242 ადამიანია.
0
0