15/01/2025
23:51
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ადასტურებს.
„ეს არის არა მხოლოდ „ჰამასზე“ უკიდურესი ზეწოლის, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისა და ირანის დასუსტების შედეგი, არამედ დაუღალავი და შრომატევადი ამერიკული დიპლომატიის შედეგი“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მიღწეული შეთანხმების პირველი ფაზა მოიცავს ღაზის სექტორიდან ისრაელელი სამხედროების სრულად გაყვანას, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლებას და ისრაელის მხრიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. ასევე, გაიზრდება ჰუმანიტარული დახმარება და პალესტინელებს შეეძლებათ საკუთარ სახლებში დაბრუნება. მეორე ფაზა მოიცავს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებს, თუ რა იქნება ომის სამუდამოდ დასრულების გზები, ხოლო თუ ეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის ექვს კვირაზე მეტხანს გასტანს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მაინც გაგრძელდება. რაც შეეხება მესამე, ანუ საბოლოო ფაზას, ბაიდენის თქმით, ეს არის უკვე ღაზის რეკონსტრუქციის გეგმა.
ბაიდენის თქმით, შეთანხმებამდე მისასვლელი გზა არ იყო მარტივი და ეს იყო ყველაზე რთული მოლაპარაკებები. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი-„ჰამასის“ ომში ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, ხოლო ამ შეთანხმების ფარგლებში პალესტინელებს შეუძლიათ, აღადგინონ ღაზა „ჰამასის“ გარეშე.
0
0