24/10/2022
12:32
მსოფლიო
ისრაელმა უკრაინას ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სადაზვერვო მონაცემები გადასცა
როგორც New York Times-ი წერს, უკრაინა რუსეთისთვის მიწოდებული ირანული დრონების განადგურებას ისრაელის დაზვერვის დახმარებით ახერხებს.
რა ინფორმაცია მიაწოდეს უკრაინის ხელისუფლებას, გაზეთს არ დაუკონკრეტებია.
რუსეთის ავიაციის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით კიევზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების თხოვნით მიმართა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა უარი თქვა ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო რაკეტების მიწოდებაზე (ძირითადად იმიტომ, რომ სირიაში თავდასხმების განხორციელებისთვის ისრაელი რუსეთთან საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობს), და ასევე განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას მხოლოდ ადრეული შეტყობინების სისტემებს გაუგზავნის, რომლებიც ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
იმავდროულად, Ukrinform-ი იუწყება, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში ქარხანას დაარტყეს, სადაც ირანული უპილოტო საფრენი აპარატები მზადდებოდა.
როგორც უკვე ცნობილია, რუსეთი, სავარაუდოდ, ირანული წარმოების დრონებს იყენებს უკრაინის მასშტაბით ინფრასტრუქტურასა და სამიზნეებზე დასარტყმელად.
0
0