ისრაელმა თავისი ჯარები მაღალ მზადყოფნაში მოიყვანა. გადაწყვეტილება მიღებულია იმ საფრთხის ფონზე, რომ ირანი და ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად არის გამოცხადებული, ისრაელის ტერიტორიას დაარტყამს. ამის შესახებ Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის მიხედვით, ისრაელმა შენიშნა, რომ ირანი და ჰეზბოლა თავდასხმებს ამზადებენ, მაგრამ განხორციელდება თუ არა დარტყმა, ჯერჯერობით, უცნობია. ისრაელის არმიის წარმომადგენლის დანიელ ჰაგარის განცხადებით, ავიაციამ გააძლიერა პატრულირება ლიბანთან საზღვარზე და მოსახლეობისთვის ახალი მითითებები ჯერ არ არის.
მანამდე ისრაელის საჰაერო ძალების მეთაურმა სამხედრო პერსონალისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობის შეჩერების ბრძანება გასცა.
ლიბანური მედია იუწყება, რომ ჰეზბოლამ სამხრეთ ბეირუთში თავისი ოფისების ევაკუაცია დაიწყო. იხურება ორგანიზაციის პოლიტიკური შტაბიც. წყაროები ირწმუნებიან, რომ ეს შესაძლოა მიუთითებდეს ისრაელის პასუხის მოლოდინს თავდასხმის შემთხვევაში.
შეერთებულმა შტატებმა რეგიონში წყალქვეშა ნავი გაგზავნა და მეორე ავიამზიდის ჩამოსვლას აჩქარებს, წერს The Wall Street Journal.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ესაუბრა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილა. თეთრი სახლის სპიკერმა AFP-ს განუცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის ისრაელზე თავდასხმების სერიის შესაძლებლობისთვის.
ამავდროულად, Fox News არხი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელზე თავდასხმა შეიძლება მოხდეს 24 საათის განმავლობაში.
0
0