12/05/2023
11:56
მსოფლიო
11 მაისის საღამოს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის სექტორში მიტანილ საჰაერო იერიშს პალესტინური ისლამური ჯიჰადის კიდევ ერთი მაღალი რანგის წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდასხმა ბანი სუჰეილას დასახლებაში მდებარე ობიექტზე მოხდა. შედეგად დაიღუპა ისლამური ჯიჰადის სარაკეტო ძალების მეთაურის მოადგილე, აჰმად აბუ დეკა. აქამდე, ისრაელის იერიშის შედეგად დაიღუპა ამავე ძალების მეთაურიც, ალი ღალი.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ისლამური ჯიჰადის მაღალი რანგის წევრების სამიზნეში ამოღებას გააგრძელებენ.
ამას გარდა, 11 მაისის საღამოს ღაზის სექტორიდან რაკეტების სროლას ისრაელის მხრიდან პირველი მსხვერპლი მოჰყვა. რეჰოვოთის დასახლებაში რაკეტა საცხოვრებელ სახლს პირდაპირ მოხვდა, რის შედეგადაც ერთი პირი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ეს არის იმ მცირე შემთხვევებიდან ერთ-ერთი, როცა ისრაელის რკინის გუმბათის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ, რომელსაც უვნებელყოფის 95%-იანი მაჩვენებელი აქვს, რაკეტა ვერ მოიგერია.
კიდევ ერთი რაეკეტა ჩამოვარდა სდოტ-ნეგევის რეგიონალურ საბჭოსთან, რასაც 82 წლის ქალის დაშავება მოჰყვა, ხოლო ეშქოლში დაშავდა უცხოელი მუშა.
10 მაისიდან ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან 800-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, აქედან საზღვარი დაახლოებით 600-მა გადაკვეთა.
0
0