12/12/2022
16:39
მსოფლიო
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინზე სამხედრო იერიშის დროს, 16 წლის პალესტინელი გოგონა მოკლეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პალესტინელი გოგონა, ჯანა მაჯდი ზაკარნე, სახლის სახურავზე იდგა, როდესაც ის მოკლეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მას ტყვია თავის არეში აქვს ნასროლი.
ოფიციალური პირების თქმით, ისრაელელების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, კიდევ ორი პალესტინელი დაშავდა.
ქალაქი ჯენინი და მისი ლტოლვილთა ბანაკი ისრაელის სპეცრაზმმა 11 დეკემბერს, საღამოს, დაარბია და დაიკავა.
ისრაელის სამხედრო პირებმა განაცხადეს, რომ "ისინი ინფორმირებულნი არიან პალესტინელი გოგონას მკვლელობის შესახებ და ამ საკითხს იკვლევენ".
ჯანა მაჯდი ზაკარნე ერთ-ერთია იმ 50-ზე მეტ პალესტინელ ბავშვს შორის, რომლებიც 2022 წელს, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმისა და ღაზას სექტორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისრაელის შეიარაღებული ძალების თავდასხმებს ემსხვერპლნენ. 2022 წელს, შეიარაღებული კონფლიქტის დროს 215-ზე მეტი პალესტინელი, მათ შორის 17 ქალი, დაიღუპა.
გაეროს შეფასებით, 2006 წლის შემდეგ, 2022 წელი ყველაზე სისხლიანი იყო იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელებისთვის. კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა გასული წლიდან მატულობს. პალესტინის ქალაქებსა და სოფლებში ისრაელელების სამხედრო თავდასხმები და მათ მიერ ჩადენილი მკვლელობები თითქმის ყოველდღიური მოვლენაა; ამავდროულად, გაიზარდა პალესტინელების მხრიდან შეიარაღებული თავდასხმების შემთხვევებიც.
8 დეკემბერს, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჯენინსა და რამალაში, დარბევის დროს, ოთხი პალესტინელი მოკლეს; ისრაელში კი - 25-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
0
0