
ისრაელის სადაზვერვო სამსახურთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში კერძო დეტექტივი დააკავეს, რომელიც პალესტინელ აქტივისტს უთვალთვალებდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, პოლიციის და პროკურატურის ერთობლივი ოპერაცია სტამბოლში ჩატარდა.
თურქეთის ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის ინფორმაციით, დაკავებული ეჭვმიტანილი სერკან ჩიჩეკის სახელით არის იდენტიფიცირებული. უსაფრთხოების წარმომადგენლების თქმით, ის „მოსადისთვის“ მუშაობდა და კონტაქტზე იყო ფეისალ რაშიდთან, ისრაელის ონლაინ ოპერაციების ცენტრის წევრთან.
როგორც მედია წერს, სავარაუდოდ, ჩიჩეკმა აღიარა, რომ სტამბოლში, რაშიდის მოთხოვნით, თვალთვალს ახორციელებდა პალესტინელ აქტივისტზე, რომელიც ეწინააღმდეგება ისრაელის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკას.
თურქული დაზვერვის ცნობით, ჩიჩეკმა, რომლის ნამდვილი სახელია მუჰამეთ ფატიჰ ქელეში, გვარი შეიცვალა მას შემდეგ, რაც დიდი ვალებში ჩავარდა და ბიზნესკარიერა მიატოვა, რათა კერძო ფირმა დაეარსებინა.
ოფიციალური პირების თქმით, ჩიჩეკმა „მოსადის“ ყურადღება დეტექტიური საქმიანობის დაწყების შემდეგ მიიპყრო. სავარაუდოდ, 31 ივლისს რაშიდი მას WhatsApp-ის საშუალებით დაუკავშირდა და უცხოური იურიდიული ფირმის თანამშრომლად წარუდგინა თავი. შემდეგ რაშიდმა ჩიჩეკს სტამბოლის გარეუბანში, ბაშაქშეჰირში მცხოვრებ პალესტინელ აქტივისტზე ოთხდღიანი სათვალთვალო მისიის ჩატარება დაავალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩიჩეკს დავალების შესასრულებლად 1 აგვისტოს 4 000 დოლარი კრიპტოვალუტაში გადაუხადეს.
0
0