03/09/2023
15:54
პოლიტიკა
ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, ეს ხაზს უსვამს ორი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს წარმომადგენლებს შორის ინტენსიურ თანამშრომლობას. რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელში, სადაც შეხვდა თავის კოლეგას, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ოდნავ ადრე პარლამენტის მეგობრობის ჯგუფი, ჩემი ხელმძღვანელობით, ვიმყოფებოდით ოფიციალური ვიზიტით ისრაელში, მომავალ თვეებშიც დაგეგმილია სხვადასხვა ვიზიტი, მათ შორის ოქტომბერში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, თავდაცვის მინისტრი მიემგზავრება ისრაელში ოფიციალური ვიზიტით, ხოლო მომავალი წლის იანვარში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესტუმრება ისრაელს.
„ეს ყველაფერი მიუთითებს იმ ურთიერთობების დინამიკაზე და პარტნიორობაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ხალხთა შორის ურთიერთობიდან გამომდინარე, მაგრამ წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტ ინტენსივობას იძენს. ჩვენ ვხედავთ, რომ არის უპრეცედენტოდ გაზრდილი ისრაელიდან ტურისტების რაოდენობა. გასულ წელს იყო 210 ათასი ტურისტი, რაც იყო მაქსიმალური მაჩვენებელი, თუმცა წელს მონაცემები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდილი იქნება. კვირაში 42 პირდაპირი ფრენაა თბილისსა და ბათუმში, რაც ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც არის ისრაელის მხრიდან ბიზნესმენების ინტერესი საქართველოს მიმართ, ინვესტირების თვალსაზრისით.
ეს ყველაფერი ქმნის იმ რეალობას და პოტენციალს, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და გაფართოებას ემსახურება. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ რანგის ვიზიტებს, რამეთუ, ამ ვიზიტებიდან გამომდინარე, იქნება მიღებული სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლებიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო დააახლოებს, პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი საფუძვლები აქვთ, კიდევ უფრო გააღრმავებს. ეს ორი ქვეყნისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაიდო კვლევა, რომლის საფუძველზეც, 2024 წლიდან ორ ქვეყანას შორის დაიწყება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება. იმედი გვაქვს, რომ 2024 წლის ბოლომდე ეს შეთანხმება გაფორმდება და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაზრდის ბიზნესის ინტერესს საქარველოს მიმართ და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთობა ისრაელთან, რომელსაც აქვს მრავალ დარგში ძალიან დიდი გამოცდილება და მოწინავე ქვეყნად ითვლება“, – განაცხადა მიქანაძემ.
0
0