04/07/2023
11:09
მსოფლიო
„მდინარე იორდანეს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინის ლტოლვილთა ბანაკიდან ათასობით პალესტინელი გაიქცა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებსა და შეიარაღებულ პალესტინელ მებრძოლებს შორის ინტენსიური სროლა მოხდა,“ - განაცხადა პალესტინელმა მაღალჩინოსანმა.
”დაღუპულია 9 პალესტინელი და დაშავდა 100. დაახლოებით 3,000-მდე ადამიანმა ბანაკი დატოვა,” - განაცხადა ჯენინის გუბერნატორის მოადგილემ, კამალ აბუ ალ-რუბმა და დასძინა, რომ ქალაქ ჯენინის სკოლებსა და სხვა თავშესაფრებში მოსახლეობის განთავსებისთვის ზომები უკვე მიღებულია. მისი თქმით, ბანაკში 18000 პალესტინელი ცხოვრობს.
პალესტინის წითელი ნახევარმთვარის სამაშველო სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ლტოლვილთა ბანაკს უფრო მეტი პალესტინელი დატოვებს, რადგან ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ოპერაციის დასრულებისთვის კონკრეტული ვადები არ არსებობს და ის შეიძლება დღეების განმავლობაში გაგრძელდეს.
გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელმა ჯულიეტ ტუმამ განაცხადა, რომ ბანაკის ბევრ მცხოვრებს ესაჭიროება საკვები, სასმელი წყალი და რძის ფხვნილი.
ორშაბათის მოვლენების გათვალისწინებით, 2023 წელს დასავლეთ სანაპიროზე დაღუპული პალესტინელების რიცხვმა 133-ს მიაღწია. ამ მხარეში ძალადობის გამწვავებამ თითქმის 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასიური სისხლისღვრა გამოიწვია.
0
0