
ქნესეტმა (ისრაელის პარლამენტმა) დაამტკიცა კანონი, რომელიც მთავრობას სატელევიზიო არხების მაუწყებლობის, მათ შორის კატარის საკუთრებაში არსებული ქსელის Al Jazeera-ს, აკრძალვის უფლებას ანიჭებს. ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშად მიჩნეული უცხოური ქსელების მაუწყებლობა „დროებით“ აიკრძალება. აკრძალვა, რომელიც ძალაში დარჩება 45 დღის განმავლობაში, შეიძლება განახლდეს. შემდგომ კი, კანონი ივლისამდე ან ღაზაში მნიშვნელოვანი ბრძოლების დასრულებამდე იმოქმედებს.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ის "დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს" მაუწყებლის ადგილობრივი ოფისის დახურვის მიზნით.
„Al Jazeera-ა აღარ იქნება მაუწყებელი ისრაელიდან“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ Twitter/X-ზე და მაუწყებელს „ტერორისტულ არხი“ უწოდა. შეერთებულმა შტატებმა ამ ნაბიჯის გამო შეშფოთება გამოხატა.
როგორც ცნობილია, უცხოელ ჟურნალისტებს ღაზაში შესვლა აეკრძალათ და მხოლოდ სექტორში მომუშავე Al Jazeera-ს პერსონალს შეეძლო ომის მოვლენების უშუალოდ კონფლიქტის ზონიდან გაშუქება.
წლების განმავლობაში, ისრაელის ოფიციალური პირები Al Jazeera-ს ანტიისრაელულ ორიენტაციაში ადანაშაულებენ. თუმცა მაუწყებლის მიმართ მათი კრიტიკა, 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ სამაუწყებლო ქსელს მჭიდრო კავშირი აქვს „ჰამასთან“, რასაც Al Jazeera კატეგორიულად უარყოფს.
”ნეთანიაჰუ მსოფლიოს წინაშე ვერ ასაბუთებს და ვერც განმარტავს Al Jazeera-სა და პრესის თავისუფლებაზე მის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს. ამიტომ მან ახალი სიცრუე მოიგონა და მაუწყებელსა და მის თანამშრომლებს ცილს სწამებს. Al Jazeera ისრაელის პრემიერ-მინისტრს პასუხისმგებლობას აკისრებს, მსოფლიო მასშტაბით, მაუწყებლის პერსონალისა და შენობების უსაფრთხოებასა და ამ ცრუ ბრალდებების სამარცხვინო გამოხატულებაზე,“ - განაცხადა Al Jazeera-მ.
მანამდე, ისრაელმა ქვეყანაში ლიბანური არხის, Al Mayadeen-ის, ოპერირება აკრძალა.
0
0