
ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, ღაზას სექტორში 13 ივლისს განხორციელებული იერიშის შედეგად „ჰამასის“ ერთ-ერთი საველე მეთაური, რაფე სალამა მოკლეს. ის „ჰამასის“ სამხედრო მეთაურის, მოჰამედ დეიფას მოადგილე იყო. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის არმიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სალამა ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. სწორედ ამ თავდასხმის შემდეგ დაიწყო ომი, რომელიც ახლაც გრძელდება.
ისრაელის დარტყმის ძირითადი სამიზნე მოჰამედ დეიფა იყო, მაგრამ მის შესახებ ზუსტი მონაცემები უცნობია. დეიფას დაღუპვის შესახებ ცნობებს იერუსალიმი ოფიციალურად ვერ ადასტურებს.
„ჰამასი“, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მისი სამხედრო მეთაური ცოცხალია, ხოლო ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 90-ზე მეტი მშვიდობიანი პალესტინელი დაიღუპა. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტები ლტოლვილთა ბანაკს მოხვდა, რასაც ისრაელი კატეგორიულად უარყოფს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელის შეტევის შემდეგ „ჰამასი“ ისრაელთან მომდინარე მოლაპარაკებიდან გავიდა, რომელიც მძევლების გათავისუფლების საკითხს ეხებოდა. თავად „ჰამასი“ ამ ინფორმაციას უარყოფს და ისრაელს კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებს.
0
0