„ბაიდენის ადმინისტრაცია არ ელის, რომ ისრაელის ძალები სასწრაფოდ გააფართოვებენ სამხედრო ოპერაციებს რაფაჰში,“ - განუცხადა CNN-ს აშშ-ის ორმა ჩინოვნიკმა.
ვაშინგტონის განცხადებით, თუ რამადანის პერიოდში მხარეებს შორის ცეცხლის დროებით შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება არ დაიდება, ისრაელის არმია რაფაჰში [სამხრეთ ღაზაში] „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის მომდევნო, უფრო გაფართოებულ ფაზას დაიწყებს.
მანამდე კი, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ შეთანხმების მიუხედავად, ის რაფაჰში სამხედროების გაგზავნას აპირებს.
”ჩვენ არ ვაპირებთ [ღაზას] დატოვებას. მე ჩემი წითელი ხაზი მაქვს. ვგულისხმობ, რომ 7 ოქტომბერი აღარ განმეორდება“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ გერმანულ გამოცემა Axel Springer-თან ინტერვიუში.
ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ MSNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა. ბაიდენმა განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ უფრო აზარალებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება.
ასევე, ნეთანიაჰუმ Politico-სთან და გერმანულ მედიასაშუალება Bild-თან ინტერვიუში თქვა, რომ სამხედრო ოპერაცია ორ თვეზე მეტხანს არ გაგრძელდება, თუმცა კონკრეტული ვადების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
„როდესაც რაფაჰში „ჰამასის“ ტერორისტული ბატალიონების გასანადგურებლად ინტენსიურ მოქმედებას დავიწყებთ, ეს რამდენიმე კვირით გაგრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ორ თვეზე მეტი კი არ დაგვჭირდება, არამედ, შესაძლოა 6 ან 4 კვირა, ”- თქვა ნეთანიაჰუმ.
0
0