05/12/2023
13:07
მსოფლიო
Wall Street Journal-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში მდებარე ,,ჰამასის” გვირაბის ქსელში ზღვის წყლის გადატუმბვას გეგმავენ.
ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკის ჩრდილოეთით, ხუთი დიდი ტუმბოს მონტაჟი 1 თვის წინ დაიწყო. მათგან თითოეულს გვირაბებში ათასობით კუბური მეტრი ზღვის წყლის გადატუმბვა შეუძლია.
ისრაელმა აშშ-ის ოფიციალურ პირებს შეატყობინა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ამ ვარიანტს გასულ თვეში განიხილავდნენ. ზოგიერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ისრაელის გეგმის გამო შეშფოთება გამოთქვა, ზოგმა კი მას მხარი დაუჭირა.
,,ამ პროცესს შესაძლოა კვირები დასჭირდეს და, შესაბამისად, ,,ჰამასის“ მებრძოლებს ევაკუაციის საშუალება მიეცემათ და მძევლებსაც თან წაიყვანენ. თუმცა, უცნობია დაელოდება თუ არა ისრაელი მძევლების დაბრუნებას.
ისრაელის გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გარემოზე მისი ზემოქმედებაა, როდესაც ზღვის წყალი მიწაში გადაიტუმბება. ნიადაგში ზღვის წყლის შეღწევა შეშფოთების მთავარი მიზეზია, რადგან მიწის სიღრმეში მოიწამლება უკვე ნახევრადმარილიანი წყლოვანი ფენები და ზედაპირი უკიდურესად არამდგრადი გახდება. არსებობს საშიშროება, რომ ზღვის წყალი ღაზას ნიადაგს მარილით გააჯერებს, რაც მოსავლის მოყვანას უკიდურესად გაართულებს. გარდა ამისა, გვირაბებში შენახული ნივთიერებები ნიადაგში შეაღწევს და კიდევ უფრო დააბინძურებს მიმდებარე ტერიტორიას.
გეგმა გლობალურ დაგმობას დაიმსახურებს, თუმცა ეს შეიძლება გვირაბების სამუდამოდ გაუქმების ერთ-ერთი გზა იყოს,“ - განუცხადეს Wall Street Journal-ს აშშ-ის ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა.
,,2015 წელს, ეგვიპტემ ,,ჰამასის“ გვირაბები ზღვის წყლით დატბორა, რამაც რაფაჰში ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია - დატბორვამ მათი მოსავალი გაანადგურა. როგორც წესი, სამხედროები გვირაბების გასასუფთავებლად ძაღლებსა და რობოტებს იყენებენ. გვირაბების დატბორვა ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის შესაძლოა ძალიან მომგებიანი ვარიანტი იყოს, რადგან ისინი დროს, ფულს და ადამიანთა რესურსებს დაზოგავენ,“ - წერს Wall Street Journal-ი.
0
0