13/05/2023
23:27
მსოფლიო
ეგვიპტის სატელევიზიო მაუწყებლის, Al-Qahera News-ის ცნობით, ისრაელი და ისლამური ჯიჰადი სამშვიდობო ზავის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.
შეთანხმება ძალაში 13 მაისის 22:00 საათიდან შევა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.
ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ეგვიპტის შუამავლობით მოხერხდა.
"პალესტინისა და ისრაელის მხრიდან თანხმობის საფუძველზე ეგვიპტე პალესტინასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიღწეულად აცხადებს. ცეცხლის შეწყვეტის პირობებს ორივე მხარე დაიცავს, რაც გულისხმობს იმას, რომ დასრულდება მოქალაქეების მიზანში ამოღება, საცხოვრებელი სახლების ნგრევა. ზავის ამოქმედებისთანავე შეწყდება ხალხის მიმართულებით ცეცხლის გახსნის ყოველგვარი მცდელობა". - წერს Reuters-ი მის მიერ მოპოვებული შეთანხმების ტექსტის საფუძველზე.
ისრაელის მხარე აღნიშნულ ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებს.
ეგვიპტის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გასული დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ამას შეტაკებების აქტიურად გაგრძელებისთვის ხელი არ შეუშლია.
0
0