11/07/2023
11:15
მსოფლიო
„10 ივლისს, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკიდან 30 კილომეტრში ვულკანი ამოიფრქვა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამ მხარეში მესამედ დაფიქსირდა,“ - განაცხადა ისლანდიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა.
სააგენტო France-Presse-ის რეპორტიორის ცნობით, დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელ გზაზე კვამლი შეიმჩნევა.
„ლავის სამი ნაპრალი შეიმჩნევა; ლავა, ძირითადად, ყველა მიმართულებით მიედინება. ნაპრალები საერთო ჯამში დაახლოებით 200-300 მეტრამდეა. ეს დაბალი ინტენსივობის ამოფრქვევად ითვლება, რაც ნიშნავს, რომ ფეთქებადი აქტივობის გამო ის საშიში არ არის, მაგრამ, თუ ვულკანის ამოფრქვევა ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდება, ინფრასტრუქტურას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ამოფრქვევა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან ნახევარ წლამდე, როგორც ეს 2021 წელს მოხდა, ან უფრო მეტხანს“, - განუცხადა France-Presse-ს ისლანდიის უნივერსიტეტის ვულკანოლოგიის პროფესორმა თორვალდურ თორდარსონმა.
ისლანდიის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, მოერიდოს აღნიშნულ ტერიტორიას, რომელიც რთულ რელიეფზე მდებარეობს.
2021 წელს ვულკანის ამოფრქვევამდე, რეგიონი რვა საუკუნის განმავლობაში „მიძინებული“ იყო, თუმცა ვულკანოლოგები თვლიან, რომ ვულკანის გაზრდილი აქტივობის ახალი ციკლი შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს.
ისლანდიაში 33 ვულკანისგან შემდგარი სისტემა ამჟამად აქტიურია. ვულკანური ამორფქვევა, საშუალოდ, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ფიქსირდება.
0
0