
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, კობა კობალაძის შეფასებით, გია ბარამიძის განცხადებები და შემდგომი განმარტებები ამაზრზენია და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ მავნებლობას წარმოადგენს. გენერალ-მაიორის განცხადებით, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა როგორც რიგით მოქალაქეებს, ისე ვეტერანებს.
"გააკეთა ყოვლად ამაზრზენი განცხადება და ამ განცხადების შემდგომ კიდევ უფრო გაართულა: იმის მაგივრად, რომ ეთქვა, რომ რაღაც პერიოდი ფანტაზიას აჰყვა, რომ თითქოს არის ძლიერი მებრძოლი, ქვეყნის განმათავისუფლებელი, ეთქვა, რომ გადაცდომა მოუვიდა და სიტყვები გაექცა, მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენა უბრალო მოქალაქეებს, რომ თურმე უბრალო მოქალაქეების ანგარიშსწორება იყო ეს ყველაფერი. მერე, ისევ შეურაცხყოფა მიაყენა ვეტერანებს და გულანთებულ ადამიანებს - თურმე, მათ არა აქვთ უნარი ანალიზის, ხედვის და ღირსების, რომ ისინი რაღაცის და ვიღაცის პროპაგანდის ნაწილები არიან.
ამ შემთხვევაში, ალბათ, უმჯობესია, პაუზა შეინარჩუნოს და როდესაც კომპეტენტურად კითხვებს დაუსვამენ, გასცეს პასუხი - ვინ, სად, როდის და რა ვითარებაში მოახდინა ეს ამაზრზენი დანაშაული და თვითონ, როგორც უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა ხელისუფლების შტოში და სულ კომფორტის ზონაში მყოფმა იმ პერიოდის ვარსკვლავმა ბიჭუნამ, რატომ არ გაუწია წინააღმდეგობა ამას და რატომ წინ არ აღუდგა? ან, კარგი, ვთქვათ, შეეშინდა, ეს მისი ჩვეულებრივი თვისებაა - რატომ შემდგომ, 34 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც არ წამოწია ეს ფაქტორი?! ალბათ, ესეც გამიზნული მავნებლობაა ჩემი ქვეყნის და იმ მშვიდობიანი პროცესის წინ, რომელშიც ყველანი ვართ ჩართულები," - აცხადებს კობა კობალაძე.
ცნობისთვის, გია ბარამიძემ ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში ქართული მხარე სამხედრო ტყვეებს ხვრეტდა, რასაც საზოგადოებისა და ვეტერანების მწვავე პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ომის საწყის ეტაპზე ტყვეებს არა ქართული ჯარი, არამედ ოჯახის წევრების დაკარგვით გამწარებული ხალხი ხოცავდა. აღნიშნულ განცხადებებს მმართველ გუნდსა და ვეტერანთა ორგანიზაციებში ქართული ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაიწყო.
0
0